დედამიწის კანს დახედე


დედამიწის კანს დახედე,
ცას ახედე უძიროს,
თუ გსურს კაცის სული ნახო,
ხელებს უნდა უმზირო.

მთას შეხედე, ბარს შეხედე,
სოფლებსა და ქალაქებს,
ბავშვს შეხედე, მისი სახე
სამყაროს რომ ალაღებს.

ნახე ქარი, ქარტეხილი,
აისი და დაისი,
ვებერთელა ზამთრის ღამე,
და ფერადი მაისი.

გაიხსენე, დაივიწყე,
ცხოვრება თუ გეძნელა,
ქალს შეხედე, მის სულში ხომ,
შენთვის ყვავის ენძელა.

დედამიწის კანს დახედე,
ცას ახედე უძიროს,
ცხოვრება ღირს იმისათვის,
ამ ყველაფერს უმზირო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი