მგოსანიც მივა
მზის ჩირაღდანი ამოენთო ცის კაბადონზე, ცისკრის ვარსკვლავმაც მის წინაშე თავი დახარა, პირი უჩვენა დედამიწის დიდებულებას, და განთიადი კაცთა მოდგმას სხივით ახარა. ახალი დღეა და სიახლე მოაქვს ახალ დღეს, თვით გარიჟრაჟიც ახალი დღის მოსვლას დაგვპირდა, თუმცა მგოსანის ცელქი მუზა კვლავაც ღაღადებს, ცხოვრების დღეთა მდინარების მყუდრო ნაპირთან. რომ არაფერი არ შექმნილა მარადიული, რომ მგოსნის მუზაც ერთ მშვენიერ დილას ჩაქრება, ღვთის სასუფეველს მიაშურებს სული ღვთიური, როდესაც გაშლის მისი სული მკლავებს აფრებად. მგოსანიც მივა ამა ქვეყნად ყოფნის მიზნამდე, ლექსი დარჩება უკუნითი უკუნისამდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი