სიტყვების მაგივრად
სიტყვიდან სიტყვამდე ფიქრია საჭირო, რომ გული არასდროს არავის ატკინო, ან რატომ გინდა რომ გაიღო სიტყვები, (თუმცა ჩემს სათქმელსაც სიტყვებით გიყვები.) სიო რომ უსიტყვოდ და ფერებ-ფერებით, ღრუბელს გადააფრენს ზეცის დამშვენებით, ქალაქს გადაფრინდა ღრუბელი სოფლიდან, თურმე მოძრაობა უსიტყვო ყოფილა. მთვარეც მდუმარეა ცაზე რომ კიდია, მაგრამ მთვარისადმი გრძნობები დიდია, მისი დუმილია გრძნობას რომ არიგებს, თურმე უსიტყვოდაც ყველაფერს გავიგებთ. აბა ეს სიტყვები საერთოდ რადაა?! დუმილით თუ ვხვდებით სად, ვინ და რადაა ? წყალი რომ ხმაურით ეცემა კლდის კალთებს, სიტყვების საზრისზე სწორედ მას მიმართეთ. მიმართეთ ყველაფერს აცოცხლებს რადგან ის, ჩუხჩუხი, რაკ-რაკი გაისმის სადამდის. მომწყდარი შხეფები მუდამ რომ მღერიან, მშობელი მათი ხომ მდუმარე მთებია. და ეს ნაკადული დუმილით შობილი, გაზრდილა გამხდარა დუმილის ძმობილი. მე კი მაპატიეთ ეს სიტყვა თავიდან, გიყვარდეთ, გიყვარდეთ, სიტყვების მაგივრად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი