მუშვან მაარე (მამუკა ნიჟარაძეს)
ამომართულა სითეთრედ, თვალი შხარას ფერდს მოება, დაასამარა ყოველი, რაც თქმულა ამაოებად. ააყირავა წარსული, გულსაც რაღაცა ახარა, სიამე მისცა სამყაროს, სნეულიც აახარხარა. ეჰ ნეტავ თვალსაწიერში, მყავდე და არა შორობდე, ფიქრზედ აჰკინძო სამყარო, შვილებისათვის შრომობდე, აფერადებდე უშგულის, თეთრად დათოვლილ კალთებსა, აზრთა სიდიდით თართავდე, სოფლის უგვანო ხლართებსა, თვალი შხარას ფერდს მომბული, წუხელ ლუციფერს ეომა, უკუაქცია არ დათმო, თავის სვანური მეობა. უკუღმად აშენებული, სამყაროს წაღმად მხედველო, ბრძენთა სადარად შექმნილო, სიბრძნის ძალუმად მჭედველო. ჯიშო კოშკების ამგებო, ჭეშმარიტების გამგებო, ყოფის სიმკაცრის მნახველო, სიწმინდის შემომნახველო, ბარმა რომ ვერ დაგიტია, მთის მწვერვალებზე ახველო. ამომართულა სითეთრედ, თვალი შხარას ფერდს მოება, დაასამარა ყოველი, რაც თქმულა ამაოებად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი