გრძნობა


თუმცა უცებ აენთო, გრძნობა კორიანტელად,
სარეცელზე აგდია მხოლოდ თეთრი ბალიში,
არვინ იცის, ვინ იტყვის, საით მიექანება
როიალზე უგრძნო და დამტვერილი კლავიში?
ფრთხილად გაქრნენ ლანდები, ნუთუ არა გსმენია,
სად იღვიძებს სიცოცხლე უმთვაროდ და უმზეოდ,
სიცილის და ხარხარის მეტი რა დაგვრჩენია,
ნოსტალგიის ნუგეშად, უფეროდ და უმზეროდ.
არ დაცხრება ვნებები, მაგრამ მუდამ ასეა,
თან გაჰყვება ფოთოლი წყლის ნაკადს და ქარტეხილს,
მე კი შენი სურნელი, უკან დამედევნება,
რადგან შენ ვერ გაუძლებ გრძნობებს თავზე დატეხილს.
ოო, რთულია მოთმენა, ნეტავ ვინ მელოდება,
თავხედი და ცელქია ჩვენი აღიარება,
რომ დამღლელი წამია როცა ელი სიშორეს,
მაგრამ შენი სურნელი ჩემთან დაიარება.
ფრთხილი ჩუმი სიჩუმე ჩამოწვება ლანდებად,
დავიწყებას უცდიან უნიათო წამები,
თუ დარჩება გრძნობები გულზე ნაირევად,
ქარს გაატან წამებს და მერე არ ეწამები.
გულის ფეთქვაც მომავალს უხმოდ შეეხორცება,
ჩაფიქრებულ ფანჯარას არ სჭირდება მინები,
გადასერავს კონტინენტს თუ წარსულის დიდება,
არ დარჩება სამყაროს ფერთა ანონიმები.
არვინ იტყვის რად არის დამტვერილი კლავიში,
გაზაფხულსაც პერანგი შემოდგომის აცვია,
სარეცელზე აგდია მხოლოდ თეთრი ბალიში,
და სიშორის ნუგეში, ცელქი გრძნობა ანთია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი