საყვარელ ქალს


შენს სამყაროში ვარსკვლავები არასდროს ცვივა,
შენს სამყაროში სითბოა და არასდროს ცივა,
შენს სამყაროსთან, ვით სამოთხის ვარდისფერ კართან,
ნეტავ რამდენი შებიჯების მსურველი მდგარა?!

შენი სამყარო, მეცხრე ზეცის ვრცელი წიაღი,
შენი სამყარო, შემოდგომის თბილი ნიავი,
შენი სამყარო, როგორც ბავშვის წრფელი ცრემლები,
ფერად-ფერადი ყვავილების აღმომცენები.

ჩემი სამყარო, ხან მძინარი, ზანტი, პირქუში,
ხან კი ზღვიური ბობოქრებით ხეთქავს ნაპირებს,
და როცა ციდან დაეშვება ქვეყნად მიმწუხრი,
ტალღებს მოდენის და ერთ ლექსსაც მოანაპირებს.

მერე კი უცებ მიწყნარდება, დაჰხუჭავს თვალებს,
აღარც ღელვაა, არც ქარი და ნაპირთა ხეთქვა,
მშვიდი ლიცლიცით ცას ირეკლავს ჩემი სამყარო,
და ამ მშვენიერ ანარეკლში, შენს სახეს ვხედავ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი