ათი ჰაიკუ


მზის ამოსვლისას ღმერთს დავუსვი პატარა კითხვა:
რისთვის ვარსებობ ქვეყანაზე ?
და მიპასუხა:
იმიტომ რომ საუზმე ჭამო.

***

გზააბნეულმა უღრან ტყეში ფიქრი გავივლე,
ხატი არა მაქვს რომ ვილოცო გადასარჩენად,
და მკითხა ღმერთმა,
ლოცვა თუ გსურს ხატი რად გინდა ?!

***
ჩამავალი მზე ჰპირდებოდა ჭაღარა მოხუცს,
აღმოსავლეთის ჰორიზონტზე გამონათებას.

***
მწუხარე მზერით, დამშეული ნაგვის ბუნკერი,
თვალს ადევნებდა ქარში მცურავ ცელოფნის პარკებს.

***
სუნთქვაშეკრული, არ ტოვებდა ციყვი ფუღუროს,
როცა ფიჭვის ხე აღმოცენდა მისი გირჩიდან.

***
სხვენის კიდეზე დაკიდებულ გულცივ ლოლუას,
აგონდებოდა როგორ გახდა ღრუბელში წვეთი.

***
შეშინებული კუნტრუშობდა ინდური სპილო,
ჭიანჭველა რომ მის ხორთუმში ეძებდა შაქარს.

***
მსოფლმხედველობა შეიცვალა ვეგანმა ლომმა,
როცა იწვნია ზებრისაგან ნასროლი წიხლი.

***
თბილისის ცენტრში იმ ყავას სვავს ძერსკი გოგონა,
ბრაზილიელი გლეხი არჩენს რომლითაც ოჯახს.

***
ლურჯი ცის ფონზე, ორი, თეთრი, ნაზი პეპელა,
დედამიწიდან ათიოდე მეტრში ცეკვავდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი