მთა და ბარი მოვიარე


მთა და ბარი მოვიარე, ცამდე ხელი ავყავ,
ამა სოფელს განვუდექი, ხანი ასე დავყავ,
ცოდვა-მადლიც ბევრი ვქენი, თავი იქაც გავყავ,
მაგრამ შენზედ უმჯობესი, მე არავინ არ მყავ.

შერწყმულია ჩემი სული საზღვრებს შენთა სულთა,
ყოველთა ამად გავეყარე გზათა მე ქალწულთა,
ვერცა მოაქვს სიამეი საუნჯეთ და ფულთა,
შენ გეტრფი და შენვე გმონებ მჭვრეტო ჩვენთა გულთა.

შენ აავსე სული ჩემი უხილავთა ძალთა ძალით,
შენ აანთე გული ჩემი შეუცნობთა ალთა ალით,
მომეც ჟამთა მდინარება უმალესი მალთა მალით,
ამად ვდგავარ მუხლმოყრილი საუკუნო ვალთან ვალით.

მოგეჭდობი შენთა ფეხთა დაგიკოცნი თავთა მუხლის,
როს დაისი იდაისებს მუნ დადგება ჟამი მწუხრის,
არსნი ჩემნი ქედდრეკილნი არსთა შენთა თავთა უხრის,
ყურთა ვუგდებ სანუკვართა ჟამთა სრბოლის ხმათა მქუხრის.

მახალისებს ცნობადობა, დღენნი ჩვენნი არს საზღვრულნი,
ხორცთა ჩვენთა მყოფადობა ჟამით არის დასაზღვრულნი,
დღენნი ჩვენნი ვა სოფელში ყოვლნი არის განსაზღვრულნი,
ლხინად მიჩანს ახლოობა, გაეყაროს ხორცთა სულნი.

რომე სულმან ჩემმან ტკბილმან, შენთა სულთან ჰპოოს ბინა,
სული ჩემი სულთა შენთა მოეყაროს ფერხთა წინა,
ჩვენთა შორის არა იყოს, არა ოდეს არა ვინა,
მაშინ დადგეს სული ჩემი, საუკუნოს სახლთა შინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი