თითქოს ცა ხარ
თითქოს ცა ხარ, კიბემიუწვდომელი, თითქოს ზღვა ხარ, კიდეგაუზომელი, ვარსკვლავი ხარ, უცხო ცაზედ ჰკიდიხარ, სამყარო ხარ, სამყაროზე დიდი ხარ, წალკოტი ხარ, სურნელების მფრქვეველი, სურვილი ხარ, დიდი და უძლეველი, წიაღი ხარ, უგანო და უძირო, ნახატი ხარ, სულ რომ უნდა უმზირო, ალმასი ხარ, და სიმტკიცე უზომო, შენ სული ხარ, უფორმო და უწონო, და გული ხარ, ჩემი გულის მცემელი, გამოცანა, პასუხგაუცემელი, იდეა ხარ, ფიქრით შეუწვდომელი, და არსი ხარ, ჯერაც შეუცნობელი, და დილა ხარ, ჯერ გაუთენებელი, სიმაგრე ხარ, მარად აუღებელი, ოცნება ხარ, ჩემი მკერდის არეში, ნუგეში ხარ, გლოვის სიმწუხარეში, სასმისი ხარ, ჯერაც დაულეველი, მე კი შენზედ ფიქრში ღამის მთეველი, უსაზომოდ, მვნებელი და ვნებული, შენ ღმერთი ხარ, ქალად დაბადებული...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი