არაფერი ყველაფრიდან
შენ გგონია, რომ სიკვდილი, მოგიხტება დილით ადრე, და შავი ცის მეოხებით ტურფა აისს მოგიავდრებს, იგი უცებ დაუბერავს, როგორც მარტში ქართლის ქარი, ასე სწრაფად მიეცემა წუთისოფელს მისი ვალი?! არა ჩემო მშვენიერო, ქვეყნად ასე როდი ხდება, განა მართლა ბოლო ჟამი უცაბედად მოგიხტება. ყველაფერი ნელა მიდის, ნელა იდგამს ფესვებს შენში, ცეცხლს ნავლავს და დარდს ადიდებს შენი სულის სიშორეში. იგი ნელა ჩნდება შენში და პოულობს უხმოდ ბინას, შენ ჯერ გზაფრავს მისი სუნი, სული, რომ გიორთქლავს მინას, რადგან დროთა მსვლელობაში, იგი რომ შენს სხეულს ერწყმის, ხვდები რომ ეს თან გახარებს, თან გაშინებს, მაგრამ ვერ გწყინს. ნელა-ნელა შეეჩვევი, მისი სულის შენში ქშენას, მერე კიდეც დაიჯერებ შენი ტანის გადარჩენას... მაგრამ როცა შენი არსის ძალა სწვდება ზენიტს თვისას, გაიგონებ შენს სხეულში ხმაურს ბზარის გაჩენისას.. ჭახანს, სულის შემხუთავი, რომ დაბზარავს საყდრის კედლებს, შენი სულის მომავალს რომ სულის წარსულს აუმხედრებს. ამ დროს ხვდები, იმ მოხუცმა, შენში რომ დაიდო ბინა, შეიშმუშნა, გადაბრუნდა, ჩაახველა, გაიღვიძა ! გაიღვიძა! მაგრამ განა, გაგიტაცა სწრაფად მთებში, ვებერთელა სიმაღლიდან, ვებერთელა სიშორეში, არა, უხმოდ გაიღიმებს, და მოსწყდება ხმა ბაგიდან, შეგახსენებს რომ შენ გელის, არაფერი ყველაფრიდან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი