ოდესღაც იყო სულ სხვა სამყარო
ოდესღაც იყო სულ სხვა სამყარო, სულ სხვა სამყარო იყო ოდესღაც, სინაის მთაზე როდესაც მოსეს, გამოეცხადა ღმერთი როდესაც. იყო ოდესღაც სულ სხვა სამყარო, როცა ადამი ცხოვრობდა ედემს, იყო მეფე და შვიდი ბრძენკაცი, იყვნენ აგებდნენ ურუქის კედელს. ოდესღაც იყო სულ სხვა სამყარო და ბაბილონის გოდოლიც იყო, და იყო მერე ენის არევა, იყო და სულ სხვა სამყარო იყო. სულ სხვა სამყარო იყო ოდესღაც, ჰომეროსისაც ყოფილა ერა, სულ სხვა სამყარო იყო მაშინაც, როცა ბრძენკაცი ტრაქტატებს წერდა. და ზარატუშტრას ეპოქაც იყო, კრიშნას, შივას და ბუდიზმის ჟამი, იყო ოდესღაც სულ სხვა სამყარო, სხვა საუკუნე, სხვა დრო - სხვა წამი. და სხვა სამყარო იყო მაშინაც, როცა ბეთლემში იესო იშვა, იყო ოდესღაც სულ სხვა სამყარო, როს აიტანა იუდა შიშმა. კვლავ სხვა მრავალი იყო სამყარო, პირამიდების ეპოქაც იყო, იყო მაიას კულტურის შექმნა, დაბადება და სიკვდილიც იყო. იყო წმინდანთა ტანჯვა-წამება, ღმერთის სახელით ომები იყო, იყო ახალი აღმოჩენები, მეცნიერული პროგრესი იყო. იყო და ასე მოვედით დღემდე, ვუმზერთ სამყაროს ძველსა და მზიანს, ქრისტეს შობამდე და ქრისტეს შემდეგ, ყველაფერს წუთი სოფელი ჰქვია. ზოგჯერ ვუყურებ მომავლის აჩრდილს, ვგრძნობ სხვა ეპოქა აპირებს შობას, და სანამ ჩემზეც იტყვიან - იყო, შევსვავ ღვინოს და ვეწვევი თრობას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი