ვაგდივარ პირქვე საწოლზე


ვაგდივარ პირქვე საწოლზე,
ველი ელექტრო იმპულსს...
რომ რაღაც ახალს მომიგდებს,
და ააჩქარებს იმ პულსს
მინავლული რომ ხავხავებს
მოვალეობის მიზნით,
მსგავსი ცხოვრების აღწერა 
მე შემიძლია იმ ზმნით - 
გზაზე ხშირად რომ ამბობენ,
მძღოლები ბრაზით სავსე...
მე კი ვაგდივარ პირქვე და
სიცარიელე მავსებს. 
სულ ყველაფერი მწყობრშია, 
განა რაიმე მტანჯავს, 
განა რაიმე მაწუხებს, 
განა მძიმე მაქვს გარჯა, 
განა ომში ვარ დაჭრილი, 
ანდა ხიზანი მთაში? 
არა, არა და არა და 
აბა საქმეა რაში? 
რომ ასე პირქვე ვაგდივარ, 
სიცარიელით სავსე, 
და ამ წიაღის კიდეებს
რომ არაფერი ავსებს,
არცა ღელვა და წუხილი,
არც სიხარული დიდი,
არც ჟინი და ჟრუანტელი,
არც შეუტიე მიდი...
არც ვაი ახლა რაღა ვქნა,
არცა "ფარით ან ფარზე" ...
არც იარები სულში და 
არც იარები ტანზე...
ვაგდივარ პირქვე საწოლზე,
არავისთან ვარ ვალში,
უბრალოდ ასე უღმერთოდ,
უსიყვარულოდ დავრჩი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი