გამოთხოვება ბავშვობასთან


ეჰ სად გაქრა ის ბავშვური სიკეკლუცე,
და ცხოვრების ცელქი თვალით გადახედვა,
სიცოცხლეა ალბათ მარადისობაში,
წამიერი ლირიკული გადახვევა.
გარიჟრაჟი აღარ არის გარიჟრაჟი,
ამ სიტყვასაც თითქოს ხელი მოეცარა,
სიყრმაწვილე გამომტაცა ჟამთა სრბოლამ,
და ბავშვური ღმილი არ დამაცადა.
ხოლო ახლა მეხვეწება სააქაო,
მოახერხო და ცხოვრება შეიყვარო,
თორემ ნახავ რომ წამიერ აქ ყოფნაში,
შეიქმნები საბრალო და სავალალო.
ჰო, ნახავ და მოგინდება გადაასწრო,
ჟამს უჟამოს გაზომილს და გამოწონილს,
გადახედავ მერე სხეულს ჩამოქცეულს,
უსულოს და უსიცოცხლოდ გადაწოლილს.
და კვლავ იტყვი: - ეჰ ბავშვური სიკეკლუცე,
და ცხოვრების ცელქი თვალით გადახედვა,
სიცოცხლეა თურმე მარადისობაში,
წამიერი ლირიკული გადახვევა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი