ლაგოდეხს
თუ გსურს შეიცნო რა ხიბლი აქვს ღვთიურ სამოთხეს, და ნეტარებით მერე გული როგორ ივსება, თვალი შეავლო განთიადზე უნდა ლაგოდეხს, ზეცის ტატნობი იმოსება როცა ცის ფერად. მთისა და ბარის გულის ცემას მიუგდო ყური, ამონასუნთქი ჩაისუნთქო მერე ტყეების, წაჰხოცო ბალახს ცვარი ზეცით გადმონაპკური, იხილო დილა, შრიალებენ როცა ხეები. თვალი შეავლო უნდა ზღაპრულ მთას და მიდამოს, და მთის კალთაზე დაკიდული ნახო მდინარე, ნეტავი გულმა მეტი რაღა უნდა ინატროს, როცა გეშლება ზეციური თვალის წინ არე. თუ გსურს შეიცნო რა ფერი აქვს ღვთიურ სამოთხეს, და ნეტარებით მერე გული როგორ ივსება, თვალი შეავლო განთიადზე უნდა ლაგოდეხს, ზეცის ტატნობი იმოსება როცა ცის ფერად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი