არეულობა


ასე იციან,
როცა იწყებენ
და სულერთია თვე და რიცხვები,
ამოიხვნეშებს ბოლო ძახილად
ჩემი გვარი და ჩემი სახელი,
მე მართალი ვარ,
როცა ვდუმვარ და
სხეულს შიგნიდან დავიკაწრები,
რომ ამ ნაჯღაპნში ნული ღმერთია,
ხოდა ეშმაკი ნულზე ნაკლები
და გამოჩნდება ხმაში ხრინწიან,
რომ ბოლო სუნთქვა არ გამიცია
არც ზარალით და აღარც სარგებლით,
რასაც სხვები და სხვები მპარავენ,
ვით რესპუბლიკას ტკბილი ბანანის,
თქვენ მეუბნებით,
რომ ხმას მივენდო,
ილუზიებზე კოშკი იმედის,
აღარ ბღავიან ტყეში ირმები,
რადგან უფალი ტყეშიც არ არის,
რადგან უფალი თქვენში არ არის,
შეგაშინებენ მოსვლით მეორედ,
როგორც სკოლასთან დამდგარ პიონერს,
როგორც ბუნკერში ჩამძვრალ ფიურერს,
თითქოს ზევიდან ვიღაც გიყურებთ
და თქვენ არ იცით,
ვისი გორის ხართ,
მერე უაზრო ლოცვას ღაღადებთ,
როგორ გამკრთალდა ზეცის ნახატი
და მოიჩქარის ბავშვი სკოლიდან,
რათა მშობელთან მორიგ საუბარს
ნაზი თვალებით რწმენა ანიშნოს,
მაინც მგონია,
არარაობას,
ერთი მიზეზი აქვს საამისოდ,
რომ ხელმეორედ მამა გაიცნოს
და რა ჩახლართულ მიზანს ვეგებით,
თვალს რომ ვუხუჭავთ წასულ ამაგდარს,
მოდის წვიმაში სველი ჩექმებით
კაცი,
რომელიც შექმნა ქალაქმა
და გონებაში იმ ღმერთს ალაგებს
და გონებაში იმ ღმერთს არ დევნის,
რომ გაუცია გრძნობა ამდენი,
წვება სიცოცხლით ნამულ ბალახზე
და ჩვენ ყველანი გავათმაგდებით,
როგორც იტყვიან,
სულელს უმართლებს,
უჩენს ჭკვიანებს მუდმივ საფიქრალს,
თუმცა შორია ჩვენგან აფრიკა,
არ ეშინიათ ჩვენთან გულადებს
და გვიფიქრია ოკეანის გადაცურვაზე,
რომლის ბოლოშიც გადაღლილი მეფე იდგება,
მერე თავს დავხრით,
სახედარცხვენილ
და გაკოჭავენ შეშლილ პაციენტს,
თუკი მუდმივად მიწას დავრჩებით,
გაფრენილებმა ლოცვა შეგვაწიეთ,
ასე იციან,
როცა იწყებენ
და სულერთია დღე და თარიღი,
ჩვენ დავიბადეთ
ვკვდებით ისევე,
ანგელოზების საოცარი ხმით,
მაინც რაღაცას ზეცის წავიღებთ,
რაც მომაკვდავის ენით არ ითქმის.

ნ.კობერიძე
14/04/2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი