დრო


დრო არაფრის მკურნალია ჩემო კარგო,
დრო ჩვენ ტკივილს 
გვავიწყებს და ამით მორჩა.

ღიმილს როდის ეღირსება ქვრივის სახე,
შვილის საფლავს რომ უყურებს ცრემლის თვალით,
მახსოვს წუხელ ფანჯრებიდან დავინახე
იღიმოდა! დაფარული თავშლის გავლით.

ალბათ წლებმა დაავიწყეს ეგ ტკივილი
მაგრამ ჩუმი გაწვიმების სამი წამით
შვილიშვილი კალთებიდან მოიცილა
და დაკავდა რუტინული ძველი საქმით.

დრო არაფერს არ ანახლებს მხოლოდ წლები,
გადიან და 
ეს ხელებიც ამ ბრძოლებით ბერდებიან.

იხსენებდა ისტორიებს ბაბუ, ჩემი.
რომ იბრძოდა სამშობლოსთვის წლების წინათ,
მაგრამ დროს აქ დაუდია განაჩენი
და ბაბუას ეგ სახსრები ახლა ტკივა.

რომლითაც რომ მახვილები აღუმართავთ
აუგიათ საამაყო რუხის ციხე...
რომლითაც რომ ეგ ბრძოლები გაუმართავთ
გაუვლიათ მილიონი თოვა, სიცხე.

მაგრამ არა! ვერ ისრულებს დრო მის მიზანს,
როცა ქვრივი მეუღლისთვის სანთელს ანთებს,
წლების შემდეგ მიადგება შვილის საფლავს...
და ამ გრძნობის გამარჯვებას გადაანთხევს.

მაგრამ ვერა, ვერ ისრულებს დრო ამ მიზანს,
რომ დაგვჭირდეს ჩემი ბაბუც ომში წავა...
და ვიცი რომ ამჯერადაც იმას იზამს.
რაც წლების წინ სხვა ბრძოლებით შეისწავლა.


ნიკა კუკავა
2021წ. 20 ოქტომბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი