მე და ილია
ნიკა: რა ვქნათ ჯიმაკოჩ! სად წავიდეთ მითხარი ერთი, ვხედავ ქვეყანას დაუყრია უკვე ფარ-ხმალი. ოცდაათ ვერცხლად გაიყიდა დახლიდან ღმერთი, და არაფერიც აღარ არის უკვე ახალი. მითხარი ერთი რით ვუშველო გაყოფილ მიწას, და განაყოფთან გადაუჭრელ რკინის მავთულებს, როცა ვუყურებ იმედები კვდებიან იმ წამს და ეს დუმილიც ამ ყველაფერს უფრო ართულებს ილია: ჰო მართალი ხარ მეგობარო ვიცი ბოლომდე, სად შეგედავო გაყიდული ქვეყნის შვილი ვარ... მაგრამ მინდა რომ ალიონზე ისევ ვბრძოლობდე, და დაისისას დავიძახო, იქით მივდივარ! ჩვენ ქვეყანას კი ეკლიანი ადგას გვირგვინი როგორც იესოს ჯვარზე გაკვრის ბოლო წამამდე! მე კი მტკივა და სიმწრისაგან მაინც ვიცინი ამ მტრის ჯინაზე, უკანასკნელ შემოდგომამდე. ნიკა: მხოლოდ სიტყვები რას გვიშველის ჩემო ილია, ყველა ქართველი მის სიტყვებში გმირი გამოდის. ამ ქვეყნის ფასი სალაროსთან გადახდილია და ორ ზღვას შუა ეს ვარსკვლავი აღარ ამოდის. უნდა წავიდეთ! მომავალი აქ ზღაპარია, უკვე ათასჯერ მოყოლილი და გაცვეთილი. ამ დაბინდებამ ეს ფიქრები სულ გადარია და გავაცდინეთ მერამდენედ ჩვენც გაკვეთილი. ილია: დამწყდება არა სულ მომწყდება ეს ჩემი გული, თუ შენ წახვალ და დაგინახავ იქვე რიგებში. ჩვენი ქვეყანა დაქცეული და დაკარგული თან მოღუშული დეკემბრისას ასეთ ყინვებში როგორ დავტოვოთ? სულ ბოლომდე შემოილევა, გაუჩერდება იმ ძარღვებში სისხლი მჩქეფარე გახსოვს? მამათა ბოლო სიტყვა: ნიშანს იძლევა როცა სამშობლოს მათი მკერდით გადაეფარნენ. ნიკა: შენ ხარ მართალი, ფიქრიანო ჩემო ძმაკაცო ჩვენი ქვეყანა ამ თაობის იმედად რჩება. ჩვენი სურვილი ამ საუბრით უფრო განვავრცოთ ჰო! არ მოკვდება, დაგავარჩენთ და გადარჩება. მოდი ვიბრძოლოთ გადაღლილო ჩემო ილია ჩვენი მამების წამოწყებულ დიდხნიან ომში. ხედავ? ხეები ამ ზამთარშიც დათოვლილია და მწუხარებაც შეიმჩნევა მომხდურთა ტომში. 2021წ. 14 დეკემბერი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი