მოდიხარ - რჩები
მოდიხარ - რჩები და კვლავ მიდიხარ, იელვებს ცაზე შენივე სახე... ანათებ - ქრები და კვლავ ანათებ როგორც შუქურა, კასპიის ზღვაში. არ მინდა რომ სხვა გამიხდე ისევ მაკმაყოფილებს როგორიც გნახე; - როცა ღრუბლები გადაიფანტნენ და თოლიები აფრინდნენ ცაში. მე ისევ მღლიდნენ თებერვლის თვეში ტრანსპორტის სუნი, ხალხი და ყინვა! ქუჩაში როცა მღეროდნენ შენზე როცა დაიწყო ცივი ომები... მე ისევ მღლიდნენ ისედაც დაღლილს ამ შიშველ ხეთა სიცივის გმინვა როცა ჩაააქრეს აპრილის მზე და მთვარის პირისპირ - ლამპიონები. მომწყურდი ისე როგორც ბედუინს მოსწყურდა სიცხის ქარებში წყალი, როცა საღამოს ვანთებდი კოცონს და შენ ჩამიქრე მე - ნაპერწკალი. მე თუ ამ ზამთარს ვერ გადავურჩი როგორმე ფიქრმა თუ მიმატოვა თუ დამათოვა - და გავხდი ურჩი ამინდმა სევდა თუ ჩამაქსოვა... ვიცი გავხდები შენსავით მკაცრი შენსავით ცივი უდაბნოს ძირში - ვიფიქრებ ახლა - თუ ცოტას მაცლი დაგესიზმრები ისევ ღრმა ძილში. მოდიხარ - რჩები და კვლავ მიდიხარ, იელვებს ცაზე შენივე სახე... ანათებ - ქრები - და კვლავ ანათებ როგორც შუქურა, კასპიის ზღვაში. მე ვერ დაგიგე ამ მთების ფრინველს გრძნობების ელვა - გრძნობების მახე ამ საღამოსაც მივუძღვნი ფრენას და უძილობა ჩამრჩება - ხმაში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი