დაეხეტები ბნელ ქუჩებში
დაეხეტები ბნელ ქუჩებში - ეძებ არაფერს, ამჩნევენ ვიტრინის კესანები როგორ ხმებიან... ისე გაშინებს მარტოობა ალბათ გააფრენ და რაც ჩაგესმის ამ წყვდიადში მხოლოდ ხმებია; ხმები წარსულის, სინანულის, ვიოლინოსი, მის მოსასმენად წამდაუწუმ ისევ იცლი ან, იმას იხსენებ რომ დააგდე ბეჭზე ნილოსი, მე კი ეგ შენი წარმეტება მომილოცნია. შედევრს წააგავს სილამაზე შენი ტილოსი, მუზები ახლაც ცისფერ სტროფებს დაგიკოცნიან. ხელოვნებაა გემოვნება შენი ღვინისა მე კი ამ ღვინით გაბრუებაც დამილოცნია. დაეხეტები ბნელ ქუჩებში - ძილი გწადია და ვეღარ ითვლი, ვეღარ ითვლი ხელზე იარებს. ეძებ სიმშვიდეს მერამდენე წელიწადია და ამ ძებნაში ზღვები ფეხით გადაირე. გვიან ღამისას ამ ქუჩების მეც ვარ სტუმარი, მეც გამეტებით მის წყვდიადში ქცერას დავიწყებ. ასე მგონია მოსული ვარ როგორც უსტარი და მარტოობას დამარცხების ამბავს ვაუწყებ. ისე ლამაზად გიფრილებს ქარში ატლასი; თითქოს მკერავმა შეგიკერა შენი სულისთვის. დანა ჩაგარტყეს გამეტებით - ზურგში ათასჯერ, და მეკითხები ყოველ წუთას; რისი გულისთვის?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი