ჩემ გზაზე


ჩემ გზაზე მივდივარ, ჩვეულად ამაყი,
მინდა და არ ვჩქარობ, რადგან წინ ხრამია,
უაზრო ხმაურს კი აწყნარებს - არაყი,
სიცოცხლის სურვილი, სულ - ორი გრამია,

უეცრად ამ გზაზე გაივლის მარაზმი,
და ისე გამცდება სულ რომ არ რცხვენია, 
მას უკან ჯიუტად მოყვება ცინიზმი,
ღრუბელს კი აწვება რაც ადრე სმენია.

თვალებსაც ცრემლები გაექცა ამისთვის,
წარბები იბრძვიან, ასახონ სიბრაზე,
ტუჩები სიმშვიდეს ეძებენ სახისთვის,
შიში კი იკავებს დიდ ადგილს - ყველაზე.

წვეთები ცვივა და გაჟონა ამბოხმა,
მოვბრუნდი და ყველას ვუყვირი - მშვიდობით,
ტყვიები ჰაერში ისროლეს ხელებმა,
მაგრამ ამჯერად არავის ვენდობი.

სრულიად იდუმალ, შავ ოთახს ვიკმარებ,
ფეხები ვერ უძლებს მოყინულ ლიანდაგს,
ბრაზი კი გულშია და ვეღარ ვიკავებ,
თან წვიმის წვეთები ასველებს ნიადაგს.

გამოდი, დათქმულ დროს, იგივე ადგილზე,
ახლა ხომ სიმართლე გამიზნულ სტროფშია,
სუნთქვის შეწყვეტა - ადვილი, ადვილზე.
სიმშვიდე ხომ ახლა ფიქრსა და მორფშია.

ნიკა კუკავა
2020წ. 16 თებერვალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი