პირადი ეპისტოლე


მე ვერ ვიყავი  - მაჰათმა განდი,
სულით მშვიდი და მზერით ნატიფი...
მე უფრო ქარს და ქარიშხალს ვგავდი -
და ამ ქაოსში გამოვიფიტე.

ადამიანთა სულელურ განცდის,
ვნებებს შეწირულ სამყაროს ვუმზერ.
სიმართლის თქმას კი არავინ გაცდის,
და ვდგავართ მარაზმის საფეხურზე.

პირდაპირ ვამბობ იმ სიტყვებს, რასაც,
ალბათ ჩვენ ყველა ძილის წინ ვბოდავთ.
- მონარქს დაუთმო ლაგამი ,,მასამ",
მე თავს კარგად ვგრძნობ უმეფოდაც.

ჰო და, ისინი მონები გახდნენ -
ამას ებრძოდა ალბათ განდიც...
მეფის ულაყებად შეიკაზმნენ.
ფუჭი იმედით და განცდით.

ისევ ფარისეველს მიწოდებენ,
თუ მსურს ეს ტყუილი გავაქრო;
- მაინც, იმ ტაძრებში ილოცებენ,
სადაც რწმენაზე მეტია ოქრო.

მე კი, ვუყურებ და მართლა სატირაა,
ისე შეეჩვივნენ უკვე პატრონობას.
ისეთი მომავლის დედა ვატირე,
სადაც გვასწავლიან მონობას.

მგონი, ძალიან გადავგვარდით...
მტანჯავს სამყარო, ტყუილით სავსე -
და თუ ვიქნები ოდესმე განდი,
მეც მომაკითხავს ჩემი გოდსე.

და სამი ტყვიით გამიხვრეტს გულმკერდს,
მე ეგ სიკვდილიც ფეხზე მკიდია.
რადგან ჩვენ ისევ იმ მიწას ვუმზერთ,
სადაც ეს ასჯერ გამოგვიცდია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი