შენ, მიწავ ჩემო


თვალები მომჭრა სილამაზემ
ივრის ჭალათა.
თან გაზაფხულზე უღრუბლო ცას,
მზე რომ დაენთო!
და რახანია ეს აწუხებთ -
შავთეთრ ჯალათებს,
და რახანია ყველა გვებრძვის,
მაღალო ღმერთო.

ჩემო ქართულო ცავ და მიწავ,
ხორბლის ყანებო…
გმირების სისხლით გაჟღენთილო,
თავი აწიე!
თავი აწიე - რომ კვლავ შევქმნათ 
ოქროს ხანები.
იმედს შევაბათ ხარები და
ტვირთად გავწიოთ!

ვიცოცხლოთ, მოვკვდეთ, გაგვითენდეს
ღამე ვერაგი -
და ყველა ლოდზე უფრო მძიმე,
ვატაროთ ჯვარი!
სისხლმა შეღებოს ფიცხელ ომში 
თეთრი პერანგი,
შენ რომ მზის სხივი ჩაგეხუტოს,
ჩავიდეს მთვარე!

ჩვენმა ყმუილმა დააყრუოს 
მთელი სამყარო!
მტერს შიში ჰქონდეს ამ მაჯების,
დავცეთ თავზარი!
მერე ყანებში გაზაფხულზე -
თესლი დავყაროთ,
მოვიმკათ, ვლეწოთ, სავსე იყოს 
სტუმრით დარბაზი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი