შენი ხვედრი - ჩემი აჩრდილი


ვკითხე გელათს, სად წავიდნენ ხიდები?!
მღვრიე რიონს როგორ შემოვუარო?!
გეფიცები - ჰაერივით მჭირდები!
სულო მშვიდო - გულო შეუპოვარო!

შენ რა იცი სილამაზე მაჰმად-ხან,
ქარის ქროლვა, ქრისტე ღმერთის ბუნება-
უსაშველო მეომარიც ვარ, ხან და
ხანაც კიდევ გლეხი, ხოდაბუნებზე…

შენი ხვედრი არის ჩემი აჩრდილი!
ჩემო მიწავ, შეფენილო ალაზანს,
ჩვენი ღმერთის სიდიადე დაჩრდილავს,
ყველა სულით - პილატეს და ავაზაკს!

გვიდგას ღამე, აყვავილდა ბნელეთი,
აღარ გადის სევდის ჟამი ერისა…
რით ვერ დადგა ამ დატანჯულ ხმელეთზე,
უფლის ჯერი - რწმენა, მრავალჟამიერ.

ჩვენ გვაცადე გავიზრდებით, აბა რა,
მაღლა ავწევთ ხმალს და ვეფხისტყაოსანს
რომ შევმოსოთ გამარჯვებით მთა-ბარი;
და თუ ლაშქარს თავად ჯეგე თაოსნობს:

-გაგვითენდეს უნდა ღამე ვერაგი,
ქართველობა რომ არასდროს დავმალოთ!
შემოესხას ნაცვლად ჭაჭვის პერანგის,
ჩოხა ენგურს და კოლხეთის ტრამალებს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი