Arrivederci


შენ იმ აივნის კიდესთან იდექ, 
იდექ და კრთოდა ზაფხულის ქარი!
ქარი მგზნებარე - მშვიდი კი არა!
ქარი უნიღბო და სვალალო,
და მიყოლებით ხეთქავდა კარებს,
მიფეთქდა გული, მიმზერდა მთვარე,
შენ იმ აივნის კიდესთან მდგარი,
მღეროდი - მთვარის ქალწული ვარო...
არა და გული, მლაშე და მტკნარი,
არა და ქარი მქროდა საბრალოს -
მე ვგრძნობდი რატომ ვხუჭავდი თვალებს,
მე ვგრძნობდი როგორ ამტკივდი ქალო.

სულო, შიშით დაზაფრულო
გვიდგას მწუხრის გაზაფხული...
მეგობრები დაფანტულან,
გამალებით გვიცემს გული!

და გზა ლოდინის, თუ კი მერე,
იქცევა ჯვარცმად, ტკივილად, ლოდად...
მე ეგ ფიქრები ვერ დამიჭერენ!
ზამთრის დასასრულს დაველოდები.
მახსოვს ჭადრების ხეივანი, 
ჭადრის ხის ჩრდილი.
მამლის ყივილზე დამდგარი დილა.
ბნელი ტყეების - ბნელი აჩრდილი
მზის შუაგულზე გამხმარი სილა.
სძლიე! თუ კი ხარ განთიადი!
დაშლილი თუ ხარ - გამთლიანდი!


შენ - შეჩვეულო ამდენ ღალატს,
ბროლის თითები დაგეღალა...
ისვრი მშვილდივით სიტყვებს, უფრთოს -
გზარავს უხმობა, ხმები უფრო!
ამ გზას, დასავლეთს მილეულო,
ჩემი წყაროს წყალი დალიე,
სხვები მამღვრევენ - შენ კი მიმღერი.
სხვები მანგრევენ - შენ კი მაშენებ...
სხვები სხვა ზამთრის შარფებს ქსოვენ,
ფერით - წასულთა ხსოვნის,
და მგლოვიარე სოფელში ხეებს,
მოსავენ ნაცრისფერ შარფებით.
მე კი როშელიე, მე კი შარლ დე გოლი -
მე კი გლეხი და ყველაზე ბოლო!
ჩველაზე ჩუმი, ყველაზე მძიმე,
ვკინძავ გვირილის მძივებს...

  ჩემო ტკივილო, დარდი, დარდი,
  რა დაგრჩენია ამის გარდა...
  ვხედავ, ორთავე გადავგვარდით,
  ნუთუ ორთავეს შეგვიყვარდა?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი