ომი გამოცხადდა — ვლადიმერ მაიაკოვსკი


„აბა საღამოს გაზეთები!“ — ყვირიან გარეთ,
ისმის ზრიალი: „გერმანია! ავსტრია! რომი!“
და ვრცელ მოედანს, ღამის ბინდით შავად მღელვარეს, 
ეცემა ტალღა მეწამული სისხლიან ომის.

ბრაზით მოცული ყავახანა იკაწრავს სახეს,
შეჭარხლებული, მხეცური ხმით ბორგავს უტეხი:
„სისხლით მოვწამლავთ ჩვენ რეინს  მჩქეფარე ტალღებს
და დავფშვნით რომის მარმარილოს ყუმბარის მეხით!“

ხიშტების ისრით დაფლეთილ ცის კრიალა თაღით 
ვარსკვლავთა ცრემლი იცრებოდა, ვით საცრით ფქვილი
და სიბრალული, შეკუმშული ლანჩის არტახით, 
„ახ, გამიშვითო!“ წრიალებდა მწარე წივილით.

„ოღონდ გაგვხსენით და ჩვენც წავალთ!“ — თრთიან ვედრებით
აგერ ბრინჯაოს გენერლები ცოკოლზე მდგარი,
წასვლის წინ კოცნის მტლაშა-მტლუში ისმის მხედრების, 
და ელტვის სიკვდილს — გამარჯვებას ქვეითა ჯარი.

ვეება ქალაქს ეზმანება ღამეში მძინარს, 
ახარხარებულ ქვემეხის ხმა, ბნელის გამკვეთი, 
დასავლეთით კი წითელ თოვლის ფთილებად ცვივა
ადამიანთა ნოყიერი ხორცის ნაფლეთი.

ასეულს ცვლიან მოედანზე ასეულები
და რისხვა ბრწყინავს გაბრაზებულ მოედნის შუბლზე
„მოიცათ, ვენის ბულვარებში პირბასრი ხმლები
თუ არ გავწმინდოთ მეძავ ქალთა ნაზ აბრეშუმზე!“

„აბა საღამოს გაზეთები! იყიდეთ ჩქარა!
ავსტრია! რომი! გერმანია!“ — ძახილი ისმის,
და ბრბოსგან შავად შემოხაზულ ღამიდან წყნარად 
იღვრება ნელ-ნელ თხელი ჭავლი მეწამულ სისხლის!
								
1914 (თარგმანი ვ. გორგაძისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი