შარვლიანი ღრუბელი — ვლადიმერ მაიაკოვსკი
აზრებს, რომლებიც გებადებათ თქვენ, ჭკუათხელებს, როგორც ლაქიას გადაბღენძილს გაქონილ ტახტზე, გულის სისხლიან ნაფლეთებით მე გავახელებ, კადნიერებით მთლად მოვხარშავ და გავამასხრებ. მე სულში არ მაქვს ჭაღარის ღერიც, და არც სიბერის ნაზი იერი, ქვეყნიერება გავაყრუე მძლავრი ხმის ჟღერით, აი, მოვდივარ ოცდაორი წლის მშვენიერი. ვიოლინოზე სიყვარული ნაზებს გადააქვთ, ტლანქებმა ტიმბანს სიყვარულით ხმა ააყოლონ, მაგრამ ჩემსავით გადმობრუნდნენ, — ძალა სადა აქვთ, თავით-ფეხამდე ირგვლივ იყოს ტუჩები მხოლოდ! მოდი და ამას, თეთრ ბატისტში გამოხვეულო ანგელოსთ ლიგის ტურფა წევრო, გასწავლი ჩქარა. შენ, ვინც ბაგეებს ფურცლავ, როგორც სამზარეულო წიგნს მზარეული ქალი ფრუცლავს დინჯად და წყნარად. გინდათ? — გავგიჟდე მე ხორციელ აღტკინებაზე? გამოვიცვლები, ვით ცას შესცვლის ფერების ჭავლი. გინდათ? ვიქნები საოცრად ნაზი. კაცი კი არა, ღრუბელი შარვლით. არ მჯერა ნიცა ყვავილნარით თვალს თუ იტაცებს, მე კვლავ ვახსენებ ხოტბა-დიდებით საავადმყოფოს შესაფერად მწოლარე კაცებს და დედაკაცებს, გაცვეთილებს ანდაზებივით. 1 თქვენ ფიქრობთ, ბოდავს აქ მალარია? იყო, ოდესაში გიამბობთ ნამდვილს... „ოთხზე მოვალო“, — თქვა მარიამმა. რვა, ცხრა გავიდა, მეათეც გადის. უკვე საღამო დეკემბრული შორდება სარკმელს, და მიდის ხვნეშით სიბნელეში, შეკრულ წარბებით. ჭიხვინებენ და იცინიან მის ბებერ მხრებში კანდელაბრები. ახლა ვერ მიცნობთ, გამოცვლილს მეტად. ავკვნესებულვარ, ვიგრიხები ბრგე, აყლაყუდა. ამ ვეება ლოდს რა უნდა ნეტავ? ლოდს კი სურვილით ბევრი რამ უნდა! არაფერს ნიშნავს, ისიც, რომ ვარ მე ბრინჯაოსი, ისიც, რომ ცივი რკინა არის ეს ჩემი გული. რბილში, ქალურში ყოველ ღამით ხმა უნაზესი მინდა დავმალო მე სიყვარულით. და, ჰა, სარკმელთან, მე ვეება, ვარ ატუზული, შუბლით გავადნე სარკმლის მინა. მოვა თუ არა აქ სიყვარული? როგორი — დიდი თუ პაწაწინა? დიდი საიდან, ამ ვეებას, ალბათ მომელის, მშვიდი, პატარა მე სიყვარული, ო, მას აშინებს საყვირები ავტომობილის და მოსწონს კვიცთა ეჟვინს ჟღარუნი. ვუცდი. ჩოფურა წვიმის სახეს მივაყრდენ სახე, ისევ მოველი მას სიბნელეში — შემობრუნდება და სუსხიან ბურუსში გამხვევს ქალაქის თქეში. დანის ტრიალით, აქეთ-იქით რომ დაეძგერა, ჰა, დაეწია შუაღამე სულშემხუთავი. დაჰკრა, დაეცა მეთორმეტე საათის ჟღერა როგორც კუნძიდან დასჯილის თავი. რუხი წვიმები სარკმელებთან სახეზე საშიშ ნაკვთებს ბურცავენ და ღმუილით ეკვრიან მინებს — თითქოს პარიზის ღვთისმშობელის ეკლესიაში ქიმერებმა ჩაიქვითინეს. ნუთუ, წყეულო, ესეც არ კმარა!? ლამის ღრიალით გამიგლჯეს ხახა. და მესმის: როგორც ლოგინიდან სნეული წყნარად, გადმოხტა ნერვი, ჯერ ნელ-ნელა იატაკს გაჰყვა, შემდეგ უმატა, გაიტაცა სირბილის განცდამ, დაჰქრის მღელვარე, გამოთვლილ რხევით, და ახლა იგი, და ორიც მასთან, ცეკვას იწყებენ თავდავიწყებით. ქვემო სართულში ჩამოინგრა უცებ ბათქაში, ნერვები დიდნი, პატარანი, მრავალნი ერთად... და აი, ვხედავ, გაგიჟებულთ ცეკვა-თამაშით, უკვე მუხლები მათ მოეკვეთათ. შლამავს და შლამავს ოთახს ჩემსას ღამის სიბნელე თვალს დამძიმებულს ვინ გაახელს წყვდიადში ახლა. უცებ კარები ახრჭიალდა, თითქო კბილს კბილი სასტუმრომ სწორად ვერ დააჯახა. შემოხველ მკაცრი, აწვალებდი ტყავს ხელთათმანის. „ჰა, ესეც შენო“... თითქო სთქვი ასე; და გავიგონე: — იცი მართალი? ვთხოვდები სხვაზე... რა ვქნა, გათხოვდით, არ შევშინდები. გაუძლებს გული. ხედავთ? მშვიდი ვარ, როგორც მაჯა მიცვალებულის. გახსოვთ? თქვენ ხშირად ახსენებდით მაშინ ჯეკ ლონდონს , ფულებს, სიყვარულს, ვნებას და მთვარეს. მე ერთს ვხედავდი: თქვენ იყავით ის ჯიოკონდა , რომელიც უნდა მოეპარათ, და მოიპარეს... ცხოვრების თამაშს კვლავ გავყვები შეყვარებული, მოღუშულ წარბებს გაანათებს ცეცხლი თვალების. რა ვუყოთ... სახლში, რომ დაიწვა ცეცხლმოდებული, ზოგჯერ ცხოვრობენ უბინაო მაწანწალებიც. მახელებთ? აქვსო მათხოვარს ხურდა, ე მაგ სიგიჟის ზურმუხტებზე უთუოდ მეტი. გახსოვთ? პომპეა მთლად განადგურდა როს გააბრაზეს ვეზუვი ყბედი! ჰეი! მოგმართავთ თქვენ, ქურდებო, ტაძრებს რომ აღებთ, ვისაც გახარებთ ბნელი საქმე და სისხლის ღვარი, ამ ჩემს სახეზე საშინელი თუ სადმე ნახეთ, როს ვიყურები სავსებით წყნარი? და ვგრძნობ, ცოტაა „მე“ ჩემთვის ახლა, ჩემი სულიდან ვიღაც ურჩად მოიწევს მაღლა. ალლო! ვინ არის? დედა? ო, დედა! თქვენი შვილი მშვენიერად ავადმყოფია. დედა! გამიჩნდა გულში ხანძარი, დებს — ლჲუდას, ოლჲას შეატყობინეთ, ჩემი საშველი აღარსად არი — ყოველი სიტყვა, თვით სახუმაროც, რომელსაც ახლა ანთებული ტუჩებით ვბოდავ, გამოვარდება — ვით ჩაუცმელ-დაუხურავი გამორბის კახპა ცეცხლმოდებულ საროსკიპოდან. დამწვრის სუნია! ხალხი ყნოსავს, — ვიღაცებს ქროლვით წამოეწიენ ჩაჩქანებით! უბრწყინვალესნი! ჩექმით სად მოხვალთ? ჰე, უთხარით ცეცხლის მქრობელებს: ნუ შემდგებიან ალმოდებულ გულზე ალერსით. მე თვით კასრებად ვატრიალებ მოცრემლილ თვალებს, ჩემსავე ნეკნებს დავენდობი დაძაბული და მე ამოხვტები! ამოვხტები! ჩამომეცალეთ! გვერდი დამენგრა... ვინ ამოხტა თავის გულიდან. ბაგეთ ნაპრალზე აიბურცა ნარუჯი კოცნა, დამწვარ სახიდან სურს გადახტეს გამძაფრებულად. როგორ ვიმღერებ, დედილო, როცა გულის ტაძარში სამგალობლო დანაცრებულა. სიტყვათა, რიცხვთა ფიგურები მთლად გარუჯული — თავის ქალიდან გამორბიან დამფრთხალ ბავშვებად. ამგვარად შიში — მოსჭიდვოდა ცას განწირული, „ლუზიტანიის“ ალმოდებულ ხელებს აშვერდა. ნავთსადგურიდან რომ შეარღვევს მყუდრო სარკმელებს, მთრთოლვარე ხალხთან ასთვალება რიჟრაჟი შედის. შენ ერთო მაინც, შენ, კივილო უკანასკნელო, გადააკვნესე საუკუნეთ ეს ჩემი ბედი. 2 მე მადიდებდეთ! მე დიდებას არ ვეტოლები. რაც კი შექმნილა მე ვუსვამ „nihil” . არ მინდა კითხვა არასოდეს... წიგნის ტომები? რა არის წიგნი? წინათ ვფიქრობდი — ალბად წიგნი კეთდება ასე: ლაღად მგოსანი პირს გააღებს, წინ წამოდგება, და ამღერდება უცებ განცდით მშვენიერ ხმაზე, — ისიამოვნეთ რამდენიც გნებავთ! თურმე სანამდე ხმა იქუხებს სიმღერის დარად, მათ ხეტიალში ფეხის გული მთლად დაიკოჟრონ, და გულის ტბორში ჩასახული ფართხალებს წყნარად ზეშთაგონების სულელი ღორჯო. ვიდრე მგოსნები რითმის ჟღერით ხარშავენ დიდხანს სიყვარულისა და ბულბულის წვენს საარაკოს, — ქუჩა უენო იკრუნჩხება, მას არ აქვს სიტყვა, რომ დაიყვიროს, ილაპარაკოს. კვლავ სიამაყით ქალაქებს ვაქებთ: მათ ბაბილონურ კოშკთა სიმაღლეს, როცა ყამირზე ღმერთი ქალაქებს ამხობს და მასთან სიტყვასაც აღრევს. ქუჩა მდუმარი მიათრებდა წამების ხვნეშით, ხახას კივილი მობჯენოდა გამოჩინებით, იმანჭებოდნენ გარდიგარდმო გაჩრილნი ყელში დონდლო ტაქსები და ეტლები აჩონჩხილები, ხალხის ნაბიჯმა ჭლექზე მწარედ მკერდი გათელა. ქალაქი კეტავს გზას ჩაბნელებით. და ბოლოს მაინც, დიდ მოედანს ბრბო მიახველა, ყრონტს მიბჯენილი შორს გატყორცნა კარიბჭეები... მეგონა: ღმერთი გაძარცული ანგელოსთ გუნდში ბოროტმოქმედის დასასჯელად შევიდა თითონ; ქუჩა კი ჩაჯდა, ღრიალებს ურჩი, „წავედით, ვთქვლიფოთ!“ კრუპებთან ერთად წიწილებიც ამ კრუპებისა, რისხვიან წარბებს უკეთებენ ქალაქებს მორჩილს, პირში კი მძორნი იხრწნებიან მკვდარ სიტყვებისა... მოძრაობს მარტო ორი სიტყვა: ერთი „წუნკალო!“ და ერთიც კიდევ მგონია „ბორშჩი“. და ჰა, პოეტნი გაწუწულნი ცრემლების დენით ქუჩას გაექცნენ თმააშლილნი, აწუხებთ დარდი: ვით აღმოვთქვათო სიმღერაში ამ ორი ბგერით ქალიშვილი, სიყვარული და ნამქვეშ ვარდი. ქუჩის ათასნიც აედევნა პოეტებს ჩქარა: მოიჯარენი, სტუდენტები, კახპების ხროვა. ვაჟბატონებო! მათხოვრები თქვენ არ ხართ, არა, შეჩერდით მეთქი, არ გავედოთ წყალობის თხოვნა. ჯანსაღები ვართ, ჩვენ ნაბიჯი გვიგავს გოლიათს, არ კი ვუსმენდით, უნდა ფლეთდეთ, თუ შეგვძლებია, მათ, ვინც უფასო დამატებად ორსაწოლიან ყოველ ტახტს ვნებით ეწებებიან. — „ორატორია და ჰიმნები შეთხზეთ, გვიშველეთ!“ — დასაძრახია ამნაირებს ვთხოვოთ ვედრებით. ლაბორატორიის და ქარხნების ანთებულ ჰიმნში ჩვენ თვითონა ვართ შემომქმედები, მეფისტოფელთან თუ ფაუსტი პარეტზედ ცისა სად სრიალებდა, არ მჭირდება ეს მე სრულიად... ვიცი, ლურსმანი ჩემი ჩექმისა, გოეთეს ფანტაზიაზედაც კოშმარულია. თქვენ გეუბნებით, ოქროპირი შეუსადარი, ვინც სულს ვაცინცხლებ, სხეულს ვნათლავ სიტყვით ყოველით. რომ მეტად ფასობს სიცოცხლისა მტვერიც პატარა, ვიდრე რაც შევქმენ, რის შექმნასაც კიდევ მოველი. სმენა! ქადაგებს მოწრიალე, მოუქანცავი, დღევანდელობის ზოროასტრი სიტყვა ათელი. ჩვენ სახეები დაგვეჭმუჭნა, როგორც ჩარსავი, ჩვენ, ბაგეები გადმოვკიდეთ ვით ქორკანდელი, კატორღელები ჩვენ გახლავართ ლეპროზორიდან , სად ოქრო, ჭუჭყი — კეთროვნებით სხეულებს ავსებს, თვით ვენეციის ცაზე უფრო ჩვენა ვართ წმინდა, ზღვათა ელვარე და მზის შუქი რომ ახასხასებს. ფეხზე მკიდია, ოვიდიუს და ჰომეროსსაც თუ არ ჰყავთ ხალხი, ჩვენებრ მჭვარტლით განაშავები, ვიცი, თვითონ მზეც დიდებული დაბნელდეს, როცა მან დაინახოს ჩვენი სულის ოქროს ხვავები. ძარღვები, კუნთი ამ ლოცვებზე უფროა სანდო, და ჩვენც ამიტომ დროს წყალობას ნუ ვევედრებით. მთელი ქვეყანა, საით წავმართოთ, ყოველ ჩვენთაგანს დღეს უპყრია ხელში ღვედები. ამიტომ მოსკოვს და პეტროგრადს, ოდესას, კიევს, აუდიტორიის გოლგოთაზე ჩვენ ამოგვრეკეს, ერთიც არ იყოს ამდენ ხალხში არ დაეკივლოს. „ჯვარს აცვი ჯვარს აგე!“ მაგრამ ის ხალხც, ვინც გამლანძღა, მაინც ჩემია, თქვენ ხართ ყველაზე მახლობელნი, უსაყვარლესნი. შეგიმჩნევიათ, ძაღლი გამლახველს ვით ულოკავს ხელებს ალერსით!? მე, გაქირდული დღევანდელი თაობის მიერ, ვით ანეგდოტი გრძელი და მყრალი, ვხედავ დროების მთაგრეხილზე მომავალს, ხმიერს, ვისაც ვერ ხედავს ჯერ სხვისი თვალი. და სადაც ხალხის სუსტი მზერა გზას ვეღარ იგნებს, მშიერ ურდოთა მზის მჩვენებელი, რევოლუციის ეკლის გვირგივნით მოდის მეთქევსმეტე წელი. მე კი დღეს იმის მოციქულად თქვენს შორის გავჩნდი, მე ყველგანა ვარ, სადაც სხეულს ტკივილი არწევს, მე თვითეული გადმოღვრილი ცრემლის კამკამში თავი გავაკარ წამების ჯვარზე. უკვე დათმობის დრო გავიდა, მე დავურბინე, — დავშანთე სულნი, სად სინაზე აღზარდეს თრთოლვით. ეს მოახერხო, გაცილებით ძნელია, ვინემ ასჯერ ათასი ბასტილია აიღო ბრძოლით. და როს მის მოსვლას აჯანყებით შორს გადასძახებთ, წინ წარუდგებით მხსნელს ამნაირად, სულს ამოვიცლი, მას გავთელავ, რომ დიდი გახდეს, და სისხლით გასვრილს ჩაგაბერებთ, როგორც ბაირაღს. 3 როგორ! საიდან!.. სიხარულის მზეს მოჩახჩახეს ნეტავ ვინ უქნევს მურდალ მუშტებს თავგამეტებით? უიმედობით მოვა, თავებს ბურუსში გახვევს ფიქრი შესახებ საგიჟეთების. ვით დრედნოუტის დაღუპვისას მრგავლ ფანჯარაში მიძვრება ხალხი შიშისაგან სულშეხუთული. გაშმაგებამდე გადმოკარკლულ თავისვე თვალში ვხედავ მოძვრება ბურლიუკი გონდაკარგული. უპეებს, თითქმის მოსისხლულსა ცრემლები უვსებს. გამოძვრა, დადგა და ქუჩას გაჰყვა. და მსუქან კაცის უჩვეულო სინაზით უცებ „ძლიერ კარგიო“ წამოიძახა. კარგია, როცა ყვითელმა კოფტამ სხვების მზერისთვის სული შენისლა. კარგია, როცა ეშაფოტის კბილებში მყოფი მაინც გაჰყვირი: „სვით კაკაო ვან-გუტენისა“ . ამ წუთს ბენგალურს, ამ წუთს მქუხარს არა. არ გავცვლი მე არაფერზე .. და ცხვირთან რომ აქვს ლიქიორის პატარა ჭიქა, სევერიანინის გაჟღენთილი სახე ბარბაცით, სიგარის კვამლის ბურუსიდან ამოიზნიქა. თქვენ როგორ ბედავთ და ასაღებთ თქვენს თავს პოეტად, და გასჭიკჭიკებთ მწყერივით რუხი?! დღეს საჭიროა ქვეყნის თავში მდგარ მყუდროებას საჯიგველებით ავუტხეოთ ჩვენ ჩახაჩუხი! თქვენ, ვისაც ფიქრი გაწუხებთ ერთი — „ხომ კოხტად ვცეკვავ შორისურებით?“ ერთი შემხედეთ, როგორ ვერთობი მე — მოედნების მაჭანკალი, ბანქოს შულერი!.. ვისაც გასველებთ სიყვარული, ცრემლი სკოლინით, საუკუნეებს შეატბორეთ, მარტოობაში, დღეს თქვენგან წავალ, მზეს მონოკლივით ჩავიდგამ ფართოდ გაღებულ თვალში. და უჩვეულოდ მოვიკაზმები, წავალ მიწაზე, ვწვავდე, ვიყო მოსაწონარი. თითქოს ლეკვია, წინ განაზებით წავაცუნცულებ ნაპოლეონს ჩაბმულ ზონარით. რათა დამნებდეს, შეათრთოლებს ტანს გაყუჩებით და დედამიწა გამიწვება წინ დედაკაცად. გაცოცხლდებიან ნივთები და ნივთის ტუჩები დაისივლებენ: „ცაცა“, „ცაცა“. უცებ ღრუბლები და სხვა ამგვარი ღრუბლეულობა საოცარ რხევით გაიფანტნენ სივრცეთა გასწვრივ — თითქოს დაიწყო თეთრ მუშების არეულობა, და განუცხადეს ცის კაბადონს გაფიცვა მკაცრი. ღრუბლიდან გრგვინვა გამოვარდა გამხეცებული, შმაგი ფრუტუნით უზარმაზარ ნესტოებს არხევს, და ერთი წუთით ზეცის სახე განრისხებული მოჰგავს ბისმარკის სისასტიკით დამანჭულ სახეს. და სიმაღლიდან თითქოს კაფეს გადმოუწვდინა ვიღაცამ ხელი, იქ ღრუბლებში რომ გახლართულა თითქო ქალურად, თითქო ნაზად, ან თითქო ბრყინავს გადმოყაფრული ქვემეხის ლულა. ეს, იქნებ ფიქრობთ, მზე მოვიდა სიამტკბილობით, უბწკინა ნაზად მზემ კაფეს ლოყებს. — ეს ქვეყანა გენერალი გალიფე მოდის, რომ ისევ ხვრეტდეს მეამბოხეებს. მოსეირნენო, მოაშორეთ ჯიბის ხელები, ამართეთ დანა, ხელყუმბარა, ქვები და გუნდა, ვისაც კი ხელი არ აქვს, მაინც დღეს გახელებით, შუბლის ჯახებით იბრძოლოს უნდა! შეგროვდით ყველა: ოფილიანი, მონა, მშიერი, მოდით მწვირეში რწყილებს შორის ღამენათევნი! დღესასწაულის საზეიმო ჰქონდეს იერი, სისხლით შევღებოთ ჩვენ ორსაბათ-სამშაბათები. ვის უპირებდა გაბახებას, აკანკალებით დე დანების ქვეშ იგონებდეს მიწა წყეული. მიწა მსუქანი, ვით საყვარელი, როტშილდისაგან ღდინგართმეული. დე უდიადეს დღეობათა შესაფერისად არხევდეს დროშებს ტყვიების თქეში, მაღლა ასწიეთ თქვენ, ბოძებო სანთურებისავ, სისხლით გავრილი ვაჭრების ლეში! ვილანძღე, ვჩეხე, ვერ ვითმენდი მყუდრო სიოსაც, ვუტევდი, კბილით გამეგლიჯა ვიღაცის ფაშვი. წითელი, როგორც მარსელიოზა, დაისი თრთოლვით კვდებოდა ცაში. უკვე შეშლილან! არ მოხდება აქ არაფერიც. შემოვა ღამე, დაგკლავს, შეგჭამს შენ სიბნელეში — ხედავთ? იუდობს, ისევ გახდა ზეცა სხვაფერი, მიპკურებია ვარსკვლავები ღალატის პეშვით. მოვიდა, დაჯდა, ქალაქის თავზე, თითქოს მამაი ქეოფობს მთვრალი, ღამის უკუნეთს, შავს, როგორც აზეფს, ვერ განჭვრეტს თვალი! შემოვვარდნილვარ, ვიკუნტები სარდაფში ბნელში, სულსა და სუფრას ვასველებ ღვინით. ვხედავ: კუთხიდან ღვთისმშობელის თვალები ლენჩი ლოთებისაკენ მიმართავს ღიმილს. რა საჭიროა განცვეთილი სხივების ჩმახვით ანათო მსმელთა დავიდარაბა! ერთი შეხედეთ, შეფურთხებულ გოლგოთელს, დახრილს, ისევ არჩია ხალხმა ბარაბა . მე კაცურ ცომში იქნებ განზრახ ვარ ჩახშობილი, სახეც არა მაქვს სხვაზე ახალი, იქნებ ყველაზე, შენ შვილთა შორის, მე ვარ ლამაზი ჯერ უნახავი. უბოძე იმათ, სიხარულში დაობებულებს, სპობდეს სიკვდილის სწრაფი ბუნება, დავაჟკაცება პაწაწინებს ავალდებულე, ვაჟებს — მამობა და გოგონებს — დაორსულება. ახალშობილთაც მიანიჭე, რომ გამოაჩნდეთ თავზე ჭაღარა ბრძენი მოგვების, რამეთუ მოვლენ, მონათლავენ მოგვები ბავშვებს ჩემი ლექსების სახელწოდებით. მე, ვინც ინგლისზე, მანქანაზე სიმღერით დავშვრი, ქება-დიდებაც გადავამეტე, იქნებ უბრალოდ, ჩვეულებრივ სახარებაში, მე მოციქული ვარ მეცამეტე. და როს ჩემი ხმა უწმაწური იქუხებს ისევ. მთელ დღეღამეში, ამ საათიდან იმ საათამდე, იქნებ ყნოსავს იესო ქრისტე, ჩემ სულის ვარდებს. 4 მარიამ! მარიამ! მარიამ! შემეშვი, მარიამ! ქუჩაში ვერ გავძლებ, ქარია, არ გინდა? უცდი, ყველასგან გასინჯული შენი ლოყები როგორ ჩაიწევს ჭკნობის იერით. მოვალ უკბილო, უგემური, ჩიფჩიფს მოვყვები: „დღესა ვარ დიდად სინდისიერი“. ხედავ, მარიამ? ვიღუნები მე უკვე მხრებში. ოთხსართულიან ჩიჩახვებიდან ხალხმა ქუჩებში გამოყო თვალი, ორმოცი წლის სევდით ნაცვეთი; შემომხედავენ — ერთი ხარხარით: რომ კბილებში მაქვს ისევ ასეთი ძველი ალერსის ქადა გამხმარი. თაღლითი, წუმპით გზაშეკრული, მიმოიხედავს, წვიმა ზლუქუნით, ქვაფენილზე გადიწანწალებს, ლოკავს რიყის ქვით გადაჭედილ ქუჩების ცხედარს, ყინვის ლოლუებს, გაჭაღარებულ ყინვის წამწამებს საწვიმარ მილთა ღრუ თვალები რომ ირეცხება. დიახ, თვალთაგან, ცივი ცრემლი ჩამოწანწკარებს. ყვეკა ქვეითი წვიმის დრუნჩმა გალოშნა მეტად. მოჩანს ეტლებში ბღენძთან ბღენძი თავმონაწონი. გამსკდარია ხალხი, ყველაფერი მათ ჩაუხეთქავთ, და, ნაპრალებში გამონაჟონი, მღვრიე მდინარედ ეტლებიდან ჩამოდის ქონი, ფუნთუშის ქერქიც, ძველ კატლეტის ყუასთან ერთად. მათ მსუქან ყურში, მარიამო, როგორ ჩავტენოთ სიტყვები წყნარი? ჩიტი გალობით მიჰქრის, წკრიალებს, მშიერია და უყივის ყელი. მე კი უბრაო კაცი ვარ, მარიამ, გინდა ასეთი? გამიღე კარი. ვარ ფურთხი, პრესნის მწვირიან ხელზე ჭლექიან ღამის ამონახველი. ზარის მავთული გამოვწიე მთრთოლვარე ხელით. მარიამ! ქუჩის არეებში ახლა ცოფია, კისერზე ლურჯად დამრჩენია ნათითარები. შემეშვი! მტკივა! ხედავ, თვალში მე ჩამსობია ქალთა ქუდების ქინძისტავები. შემიშვა. გოგოვ! ნუ გაკრთობს, რომ შემსხდომიან ბუღა კისერზე სველი მთასავით ოფლიან მუცლით სქელი ქალები, მე დავატარებ მილიონ სუფთა, დიად სიყვარულს ცხოვრების გზაზე მოუქანცავი, და მილიონჯერ მილიონს კიდევ ბილწებს, პატარებს. ნუ შიშობ ნახო — ღალატის ქარს გავყევი ტიალს, კვლავ ულამაზეს ათას სახეს ვეტრფი და ვუმზერ, „მაიაკოვსკის მოტრფიალენი“ — ეს ხომ მთელი დინასტიაა დედოფლებისა, რომ შემდგარან შეშლილის გულზე. მარიამ, ახლო.. ურცხვად იხდი, თუ კრძალვით ფეთქავ, მაღირსე ბაგეთ უჭკნობელი მსვენიერება. ვერ მივაღწიე მაისამდე მე გულთან ერთად. აპრილის თვე კი რაც მე ვცოცხლობ, მეასედ დგება მარიამ! სონეტს მომღერალი უმღერს ტიანას , მე მთლად ხორცი ვარ, მთლად კაცი ვარ, და გული ძგერს — ისე უბრალოდ გთხოვ მაგ სხეულს, ვით ქრისტიანი გთხოვს „პური ჩვენი არსებობისა მოგვეც ჩვენ დღეს“. მარიამ, დამნებდი! მარიამ! ვშიშობ დამავიწყდეს შენი სახელი, ო, ამნაირად მგოსანი შესტრფის, არ დაეკარგოს რომელიღაც სიტყვა ნახული, სიდიადით ბადალი ღმერთის. გავუფრთხილდები, შევიყვარებ მაგ ტანს სიფრთხილით ჯარისკაცისა, ვინაც ომის საშინელებამ კუნძის ნამორად დასტოვა და ღონემიხდილი, დავიწყებული, თავის ობოლ ფეხს ეფერება. მარიამ, არ გსურს? აფსუს, რომ არ გსრუს... მაშ ისევ მწუხარე, მოხრილი მთლად, ამ ჩემს გულს წავიღებ, ზედ ცრემლებს დავღვრი, ვით მატარებლისაგან გასრესილ თათს ბინისკენ ბარბაცით წაათრევს ძაღლი. მე გულის სისხლმა გზა გამინათა ყვავილების მტვერი ჩემს კიტელს ეკვრის მიწას — იოანეს თავს — იროდიადა — — მზე ირგვლივ ათასჯერ ჩაურბენს ცეკვით. და როცა დროები წავლიან თამაშით, მთლად დაილევა ჩემ წელთა რიცხვი, ჩემს მამის სახლამდე დარჩება შარაში მილიონ წინწკლებად დაღვრილი სისხლი. ამოვფორთხდები (თხრილში წოლით) გასვრილი ერთობ, მეუფის გვერდით დავდგები ქუში. „მომისმინეთ, ბატონო ღმერთო“, — მოვიხრები და ჩავძახებ ყურში: რად არ მოგწყინდათ აპარპალოთ მუდამ ნოტიო ღრუბლის ფაფაში თვალები მხსნელი? ხეზე ცნობადის, კეთილსა და ბოროტების, მოდი, გავმართოთ ჩვენ კარუსელი. ყველგანმყოფელი ყველგან იქნეს, თვით განჯინაშიც, სუფრაზე დავდგა ღვინო ღცეული, ¬— პირქუში პეტრე მოციქულიც ითხოვდეს მაშინ კი-კა-პუს ცეკვას გაურჩებული. და კვლავ ედემში დავასახელოთ ევები ტურფა. ოღონდ მიბრძანე, და ამავ ღამეს ქალაქის ყველა ბაღებიდან მოვრეკავ ჯგუფად შენთან გოგონებს. მზისუნახავებს. არ გინდა? არა? თავს აქანებ ხუჭუჭთმიანი? წარბიც მოღუშე თეთრი, მთვარულთ... იქნება ფიქრობ, იქ რომ გიდგას უკან ფრთიანი, იცის რა არის მან სიყვარული? მეც ვიყავი წინათ ანგელოსი, მოჩუქურთმებულ შაქრის ვერძივით ვიყავი ნაზი, აწ აღარ მინდა, რომ ფაშატებს ვასაჩუქრებდე სევრის ფქვილიდან ნაკეთებ ვაზით. ყოვლის შემძლეო, შეგიქმნია შენ წყვილად ხელი, შენ გაგვიკეთე, აქ თვითეულს რომ გვადგას თავად, რად ვერ მოაწყვე, უწამებლად და ფაქიზ ხვევნით იყოს სულკ კოცნა და კოცნა მარად! ასე მეგონა იყავ ღმერთი, მძლავრი, დიადი... ხარ უსწავლელი, პაწაწინა ღმერთუნა, განა? ჰო, ძირს ვიხრები, დამინახე, რა იშვიათი ჩექმის ყელიდან ამოვაძრე მეჩექმის დანა. ო, თქვე ფრთოსანო თაღლითებო, ედემში მანჭვით აიბუზენით, ტანზე ფრთები კანკალით ადგეს, ო, სენც საკმეველით გაჟღენთილო, გაგფატრავ, გაგჭრი, აქედან ვიდრე ალიასკამდე! გამიშივით მეთქი! სწორს ვამბობ თუ ფუჭად ვხმაურობ, ეს სულ ერთია, ვერ ვიქნები მე დაწნარებით. ხედავთ? ვარსკვლავთა ცა გახადეს უმეთაურო, კვლავ სასაკლაოს დაამსგავსეს სიხლის ცვარებით. ჰეი! ქუდის მოხდით, ცავ, შემობრუნდი! ეს მე მოვდივარ! სიყრუე... ბური. * სამყაროს სძინავს, მას თათზე უდევს ვარსკვლავთა ტკიპებით ვეება ყური. 1914-15 (თარგმანი დ. გაჩეჩილაძისა)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი