თავის თავს, საყვარელს, უძღვნის ამ სტრიქონებს ავტორი — მაიაკოვსკი


ოთხი.
მძიმე, როგორც დარტყმა.
„კეისარს — კეისრისა, ღვთაებას — ღვთაებისა“.
მე კი	
სად წავიდე?
სად შემიძლია ტანით გართხმა?
შემიხიზნავს რომელი მიწა?
რომ ვიყო პატარა,
როგორც ოკეანე დიდი,
ტალღების ცერებზე
დავდგებოდი მშვიდი,
შხეფებით მოვეფერებოდი მთვარეს.
ჩემი შესაფერი სატრფო 
სადმე თუ არის?
თუ მოვა ჩემს ხმაზე
და თუ დაეტევა 
ამ მცირე ცაზე?
ნეტავი ვიყო,
როგორც მილიარდერი, ღატაკი!
რა არის სულისთვის ფული?
მხოლოდ ფლანგვისთვის ნიადაგი.
ჩემი სურვილების 
უსაზღვრო უდოები
ვერ გაძღებიან
ყველა კალიფორნიის ოქროებით.
ნეტავი ვიყო ენაბლუ,
როგორც დანტე,
პეტრარკა,
რომ გავაჩაღო ერთისთვის გული,
რომ ლექსი იწვოდეს კარგად.
ჩემი სიყვარული,
სიტყვა ალური, —
არის ტრიუმფალური არკა,
სადაც გაივლიან ამაოებით — 
საყვარლები საუკუნეების.
ნეტავი ვიყო
მდუმარე, 
როგორც ქუხილი, —
შევმოსავდი დედამიწას
მთრთოლვარე წუხილით.
მთელი ხმით ავღრიალდები,
კომეტები დაიმტვრევენ ხელებს,
ძირს დაეშვებიან
ცეცხლოვან ბრალდებით.
თვალთა სხივებით 
ღამეს გავკვეთავდი;
უფერული, როგორც მზე,
ვყოფილიყავ ნეტავი!
რად მინდა
ჩემი ბრწყინვალებით 
ვისაზრდოო მიწის 
დამჭკნარი ძალები.
ჩავივლი.
ვეება სიყვარულს
მივათრევ თამაშით.
რომელ ბოდვიან ღამეში,
რომელი გოლიათების მიერ
მე ვარ ჩასახული,
ასეთი ზედმეტი,
ასეთი ხმიერი?!

1916 (თარგმანი ვ. გაფრინდაშვილისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი