პოეტი—მუშა — მაიაკოვსკი
პოეტს ამგვარად თავს დაჰკივიან: „მოდი და სცადე, ხარატივით დადექ დაზგებთან. ლექსი რა არის, მსუბუქია, თან ადვილია!.. სუსტი წელი გაქვთ—მუშაობა არ გეკადრებათ“. შესაძლო არის, ჩვენთვის შრომა ჩუმად, დუმილით მშობილურია ყველა გარჯაზე. მეც ქარხანა ვარ. თუ ვარ უმილოდ, რატომ გგონიათ, უმილობა ნაკლებ მტანჯავდეს?! ვიცი,— არ გიყვართ საზეიმოდ თქმული ფრაზები. თქვენ მუხებს ჩეხავთ, რომ შრომაში იყოთ ნიადაგ. მაგრამ ჩვენცა ვართ ხისმთლელები, არ დავფასდებით, მუხებიდან რომ თავებსა ვთლით ადამიანთა? ხომ საპატიო საქმე არის თევზის დაჭერა, ამოსწევ ბადეს, შიგ მრავალი თართი ფრთქიალებს. პოეტის შრომა უფრო მეტად ფასობს ამჯერად,— თევზებს კი არა, იჭერს ცოცხალ ადამიანებს. დიდია შრომა, როს გიზგიზებს ცეცხლით ქურები, როცა საწრთობში რკინას დებენ აშიშინებით. ჩვენ შორის ღუზას ვინ ჩაუშვებს უსაქმურობით? მუდამ გვიხდება ენის ქლიბით ქლიბვა ტვინების. რომელს ვაყენებთ უფრო მაღლა: პოეტს თუ ტექნიკს? ვის მიჰყავს ხალხი მოგებამდე მეტი საქონლის? გული—მოტორს ჰგავს ძრავისთვის შექმნილს, სული—ძრავია, ეშმაკურად გამონაგონი. მშრომელთ მასაში ჩვენ ერთნი ვართ, ერთად ვაშენებთ, სული და ხორცი პროლეტართა—ერთი არსების. ერთად ვიქნებით — დედამიწას ჩვენ დავამშვენებთ, ახმაურებულს დავძრავთ მარშებით. მათ გავემიჯნოთ, ვინც სიტყვებით ენას ილესავს, ცოცხალი შრომა! არ მოვიცალოთ სახეტიალოდ. ორატორები კი წისქვილში! მეწისქვილესთან! რომ სიტყვების წყლით იქ დოლაბი დაატრიალონ. 1918 (თარგმანი გ. ხუხაშვილისა)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი