თხრობა იმაზე, თუ ნათლიდედამ ვრანგელზე რა სთქვა, რა მოიყბედა — მაიაკოვსკი


(ძველი, მაგრამ სასარგებლო ისოტრია)

ვრანგელი მოდის.
ჩვენ ვიხევთ ბრძოლით.
ვრანგელს იღბალი სწყალობს.
და ნათლიდედა, 
ბაზარში მდგომი,
დახეთ, რა ხმაზე გალობს:
	
„სთქვა ნათლიმამამ —
ბრძენი კაცია —
მან გული გამიხარა,
ბარონი თურმე მხნე ვაჟკაცია,
მოსკოვს და ტვერს შუა მდგარა!
თითქმის სულ მუქთად
იქ, ტვერის 
ახლოს,
სურსათს იშოვით ბაზრად
და პურის ფქვილი,
ვფიცავარ, ახლაც
არის სულ — ექვს აბაზად!
ღვინო — 
ამას ნუღარც კი მკითხავთ —
არაყის სუნი ტვერს ასდის ცაში!
მთვრალებს 
პირადად 
„აკალოდოჩნი“
აცილებს სახლში!
ბარონს თაყვანს სცემს ხალხი და ჯარი,
მთავრობას უყვარს და მას ენდობა.
იქ — ერთის სიტყვით — სამოთხე არი,
გამეფებულა ძმობა-ერთობა!“

დგანან, უსმენენ, ბუზებს ყლაპავენ,
და სჯერათ მთელი გულით,
რომ ბარონს მეფედ დაინახავენ
თან მოვა თეთრი პურიც.

გაჩნდა როგორღაც იქ ჯადოქარი.
„აჰა, წაიღე, — დედაკაცს უთხრა, —
ჩემი ჩექმები, სწრაფად მავალი, 
გასწი იქ, სადაც ვრანგელი არის!“
ქალს არ დასჭირდა 
ხანი მრავალი.
სივრცეს ერთ წუთში გადაევლება.
ხედავს, რომ ტვერში გამეფებული 
არის საბჭოთა ხელისუფლება.
გზას სამხრეთისკენ აგრძელებს ისევ,
ქარი ხევს კაბას და სახეს თოშავს,
და, აჰა, ხედავს აი — პეტრიზე
მისთვის სანატრელ
ბარონის 
დროშას.
ზღაპრულ სიჩქარით მქროლავი გზაში
ნანატრ მხარეში უეცრად გაჩნდა
და ქალაქ 
იალტის
დიდ რესტორანში 
მხიარულ სახით 
და შვებით დაჯდა.
ხედავს, დოშით ივსებს ხახას
„გრანდ ოტელში“ ვრანგელი.
დედაკაცმა 
რომ ეს ნახა,
გახდა დოშის მნატვრელი.

მეტრდოტელი
ქალის სურვილს
ერთ წუთშივე ხვდება
 და საჭმელთა 
გრძელი სია 
მაგიდაზე ჩნდება.
ყველაფერი მუქთად ფასობს 
სასწაული ხდება.
ნათლიდედა ჭკუას ჰკარგავს,
ტვინი ულაყდება.
გაიძახის:
„მომიტანე, ყველაფერი, რაც გაქვს!“

ლაქიები გამორბიან, 
გამოესხათ ფრთები.
მიმარტავენ ღვინოს, წვნიანს,
მოაქვთ კატლეტები.
უკვე გაძღა დედაკაცი
ლუკმა რჩება პირში!
და სუსტი ხმით
ძლივსღა ამბობს:
„მალე, ანგარიში!“

ლაქიები ნახარჯს თვლიან,
შეადგინეს თანხა.
ას ოთხი მანეთი ჯამში
ქალმა დაინახა.
„რა პატარა თანხა ბრძანეთ“,
— ქალი გაიღიმებს 
და ჯიბიდან 
ორას მანეთს 
თავმომწონედ იღებს.

დაუღონდა პატრონს გული
და იძახის ცეტად:
სხვაგარ ფასობს 
ჩვენი ფული —
მილიონჯერ მეტად!
მეპატრონე ყვირის, ბრაზობს:
„ეს ვალიუტით ასე ფასობს!
დედაკაცო, ტყუილად ნაზობ!
აქ გენერლებს ვაჭმევთ მხოლოდ!
ვის გაუგია ამრიგად 
სავაჭრო საქმის დაწყობა!
ამგვარად ყოველ პროლეტარს 
აქ მოუნდება გაძღომა!
— ჩვენ გასწავლით ჭამა-სმასა! —
აღრიალდა ყველა.
მწარედ სცემენ დედაკაცსა,
ქალი ითხოვს შველას.

პოლიციელი 
გამორბის,
მრისხანე და ავი.
ქალი ყვირის:
„შემიბრალეთ, 
მოდით, 
დამიცავით!“
პოლიციელი მრისხანე
თმით მიწაზე ათრევს,
და საბრალომ,
რაც შეჭამა,
მთლად პირიდან 
ანთხევს.

„ბურჟუასთვის ჩვენს ყირიმში —
სთქვა მან — ბევრი არის.
მაგრამ შენთვის
„უჩასტოკში“
გვაქვს თავშესაფარი!“

დედაკაცი 
იცვამს 
ჩექმებს
პოლიციის კართან
და ერესეფესერისკენ
წუთში გადაქანდა.

ეგებ იცნობთ ნათლიდედას,
იმის გულის ზრახვას?
ეგებ თავად მოისურვებთ
იმ სამოთხის ნახვას?!

1920 (თარგმანი ნ. ნადირაძისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი