სამოქალაქო ომის უკანასკნელი ფურცელი — მაიაკოვსკი


წითელვარსკვლავა გმირთა წყებავ, დიდება შენდა,
განბანილია მიწა შენგან დაღვრილი სისხლით,
კომუნისათვის
		შენ სკივდილიც
			არ გაშინებდა.
ბრძოლით დასძლიე სიძნელენი
			და მთაზე ასვლით —
ციხე-სიმაგრე ყირიმისა დასძლიე, დასცი.
მტრები გიტევდნენ ზარბაზნიდან ცეცხლის დაშენით,
ორმო-თხრილები გადალახეს ტანკთა გრიალით.
შენ კი, აავსე ეს თხრილები სხეულთ შენით
და ყურეები გაიარე გვამებზე გავლით!
ისინი	
	თხრიდნენ სანგრებს მიღმა კვლავ ახალ სანგრებს,
გიშენდნენ ტყვიის ნიაღვარსა და ცეცხლის წვიმას,
სასტიკ ბრძოლებით
	პერეკოპის ციხე-სიმაგრე
მაინც წაართვი შენ შიშველი ხელებით იმათ!
და, არა მარტო მოიპოვე ყირიმი მთელი —
ბრძოლით გასტეხე საზიზღარი თეთრების ხროვა.
მტერზე ორმაგი დარტყმით
	ჰპოვე შენ სანატრელი
თავისუფლება და ბორკილი აჰყარე შრომას.
და თუ, —
ბრძოლების ქარტეხილის ქუხილის მიღმა
ამ მზიან დღეში ჩვენ სიცოცხლე გვარგუნა ბედმა,
ჩვენ გვჯერა, —
დავძლევთ მომავალშიც უკუღმართ იღბალს,
რადგან გადვურჩით პერეკოპში ტყვიების დელგმას.

და ერთ მადლობად შევაერთებთ სიტყვათ ნაკადებს:
— წიტელვარსკვლავა 
	გმირთა ხსოვნა გულში ბრწყინდება,
ამხანაგებო, უკუნითი უკუნისამდე
თქვენს უკვდავ საქმეს, თქვენს უჭკნობელ ხსოვნას დიდება!

1921 (თარმგანი კ. ბობოხიძისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი