ჩემი მაისი — მაიაკოვსკი


ვინც
ქუჩაში გამოვიდა ქარხნიდან
და ზეიმს აპირებს, —
ვინც 
გამოიწრთო მინდვრებზე
შრომაში, —
შეხვდით ჩვენს მაისს
პირველს 
მეგობრული სიმღერით.
მარშით.	
გაზაფხულის მოსვლის ზეიმია.
მზით მოქარგული აისია!
ვარ მუშა —
ეს მაისი ჩემია!
ვარ გლეხი — 
ეს ჩემი მაისია!

ჯავშნოსნებიდან
ზარბაზნებს 
რატომ უმიზნებთ ძმებს,
სანგრებით 
რატომ დაკლაკნეთ ველები?!
პირველი მაისია!

შევხვდეთ მაისს 
პირველს,
გადავაჭდოთ
ომით გაშორიშორებული ხელები.
შაშხანის ტყვიას ზუზნი სჩვევია,
არ სდუმს ტყვიამფრქვევი: ყეფის ხმა მისია!
ვარ მეზღვაური —
ეს მაისი ჩემია!
ვარ ჯარისკაცი —
ეს ჩემი მაისია!

გასცილდა
ქუჩებს 
ზამთრის სამოსელი, —
ხარობენ ველები,
ტყეები,
ყანები —
პირველი მაისია!
ადიდეთ მაისი
პირველი 
გაზაფხულების
მხნე აყვავებით!
მინდვრებს სიმღერა ურჩევნია.
საყვირთა ხმების ხალისია!
ვარ რკინა —
ეს მაისი ჩემია!
ვარ მიწა —
ეს ჩემი მაისია!

1922 (თარგმანი ვ. ლაფერაშვილისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი