სხდომებს გადაყოლილნი — მაიაკოვსკი


როს ღამე ჰქრება განთიადის წითელ უბეში,
ვხედავ — მოძრაობაა დიდი:
სამმაღტველოებში,
კომიტეტებში,
დაწესებულებებში —
ხალხი უამრავი მიდის.
ქაღალდების წვიმა აი აქ არის.
შენობაში შეხვალ და ეს დაგხვდება:
აურჩევიათ ქაღალდები —
ყველაზე მთავარი! —
და ხალხი სხდომებზე მიერმართება.

გამოცხადდები:
„იქნებ შსაძლებელია აუდიენცია მათთან?
იმდენ ხანს მატარეს — ვივიწყებ სახელს“.
„ამხანაგი ივან ივანიჩი სხდომაზე გაემართა —
თეოს და გუკონის გაერთიანების შესახებ“.
ასზე მეტი კიბე სიცოცხლეს გაგიმწარებს.
დასწყევლი ბედს.
და ისევ:	
„თქვენ ერთი საათის შემდეგ დაგიბარეს.
სხდომმა: —
საოლქო კოოპერატივის მიერ 
მელნის შესყიდვის საკითხზე“.

საათი გავიდა.
მდივანი გაჰქრა,
არავინ არ სჩანს და უკვე ბნელა —
სიცარიელეა!
22 წლის ასაკამდე სხდომაზეა ყველა,
ვინც კი კომკავშირელია.
ახლოვდება ღამე. კიბეებზე ფოფხვა კმარა!
უკვე მივაღწიე მეშვიდე სართულსაც.
„ამხანაგი ივან ივანიჩი მოვიდა?“
„არა, ან-ბან-გან კომიტეტის სხდომაზე წასულა“.

მოთმინებიდან გამოსული 
სხდომაზე
შევიჭერ გაშმაგებით.
გზადაგზა ვაფრქვევ საშინელ წყელვა-კრულვას.
და ვხედავ:
სხედან ნახევარი ადამიანები.
ოჰ, ეშმაკმა დალახვროს!
დანარჩენი ნახევრები სად დაკარგულა?
„ყელი გამოსჭრეს!
დაჰხოცეს!“
ვყვირი. გავგიჟდე ლამის.
ამ საშინელმა სურათმა ჩემი გონება არია.
და მესმის
უწყნარესი ხმა მდივანი ქალის:
„ისინი ერთდროულად ორ სხდომაზე არიან.
ოცამდე სხდომას 
უნდა დავესწროთ, —
ამას ვერ უშველის დაღრეჯა —
უნდა მოვასწროთ, რას იზამ,
ძალაუნებურად გვიხდება გაგლეჯა!
ქამრამდე აქ,
დანარჩენი
იქ“.

აღელვებულს რა დაგაძინებს,
უკვე თენდება.
ვოცნებობ და ჩქარა ეს დილაც მოვა:
„ისეთი სხდომა 
როდის დადგება,
რომ ყოველგვარი მან მოსპოს სხდომა!“.

1922 (თარგმანი ვ. ლაფერაშვილისა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი