რომანი: ბავშვი რომელიც უყურებს მზეს
თავი პირველი — დე, ხვალ სკოლაში არ წავალ, რა… ძალიან გთხოვ. — არა, საყვარელო. სწავლა შენი იარაღია, რომ ცხოვრებამ არ დაგჩაგროს. — მამა, გთხოვ, დედას უთხარი, რომ ხვალ სკოლაში არ გამიშვან და შენ გამოგყვები ნახირში. ძროხებს დავბან, ბოსელსაც გავწმენდ, ყანასაც მოვთოხნი, ქათმებსაც ვაჭმევ და შენ დაგეხმარები. თან ეს არასდროს გამიკეთებია… გთხოვ. დედამ მამას ღიმილით გახედა. — კარგი, ხვალ მამას დაეხმარე. შემდეგ შენ თვითონ გადახედე, რომელი ჯობია შენს ასაკში — სწავლა თუ სამუშაო, რომელიც… მახსოვს, დედამ შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ლამპას სინათლე დაუწია და ტკბილი ძილი მისურვა. და აი, მზემ ამოსვლაც დაიწყო. დიდი ღამის მერე ფოთლებმა თავები მაღლა აწიეს, ყვავილებმა გაიღვიძეს. წყაროს ხმაც უფრო ნათელი გახდა. ის არასდროს შრება, მაგრამ თითქოს ღამით მასაც სძინავს. მერცხლები დაფრინავენ, სამყაროს ღვიძავს. მამა ჩემს ოთახში შემოვიდა. — ადექი, აბელ. ძროხები საბალახოდ გავუშვათ, საქმე არ იცდის. მამას მხიარულად გავყევი და გვერდიდან არ მოვშორებივარ. ყველაფერს ვაკეთებდი. მართალია, ყველა საქმის მორჩენისას ორმაგად ვიფიტებოდი და ფერი მეცვლებოდა, მაგრამ ეს არჩევანი ჩემი იყო. მამა ყველაფერს მიხსნიდა და მასწავლიდა. დედა სადილს ამზადებდა, სარეცხს რეცხდა და სახლს ალაგებდა. ჩვენ კაცები კი სილაღით ვაკეთებდით საქმეს. დაღამდა. ისეთი დაღლილი და დაქანცული შევედით სახლში, რომ დედის მუხლების წინ დავეცი. — დე, ძალიან გთხოვ, ხვალ სკოლაში წავალ. მამას მაშინ დავეხმარები, სკოლას რომ დავამთავრებ. მართალი ყოფილხარ. ჯერ ეს ყველაფერი ჩემთვის ადრეა. თან ჩემი სკოლის მეგობრები ისე მომენატრნენ… დედას გაეცინა. მამამ ყურადღება არ მიაქცია ამ საუბარს, არც დედის ემოციას. დახვდა იგივე მზერით. მან უბრალოდ თქვა: — კარგად გამოსდის, ის მარტიც მიხედავს სახლ-კარს. შემდეგ ცივი წყლით სავსე ჭინჭილა მოიყუდა და გემრიელად დალია. მეც გამიხარდა, მაგრამ თან დავფიქრდი. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე? იმ ღამეს ვერ დავიძინე. მამის სიტყვებზე ვფიქრობდი. გათენდა. ასე ფიქრში ხელად შემოვიდა ახალი მზე. ავდექი, ჩანთა ჩავალაგე. გაცრეცილი წიგნები, მელნით მოსვრილი კალამი, ნახშირზე შემოხვეული ბინტი, რომელსაც ფანქრად ვხმარობდი, ქურთუკის ჯიბეში ჩავიგდე და დაბლა სართულზე ჩავედი. დედა და მამაც ემზადებოდნენ. უცხო არ იყო მათი მზადება. პარასკეობით ქალაქში ჩადიოდნენ, რომ ევაჭრათ, პროდუქტი გაეყიდათ და ფული აეღოთ, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი და ერთად მივდიოდით ყველანი. ახლა კი ჩემს გარეშე. არ ვიცი, არ მინდა რომ გავუშვა. გული აფორიაქებულია, თითქოს ვგრძნობ, რომ ბოლოჯერ ვნახულობ მათ. მაგრამ არა… ეს იმის ბრალია, რომ ღამე არ მეძინა და შეგრძნებები მომატებული მაქვს. — დედა, მამა, სად მიდიხართ? — აბელ, მოდი, — დამიძახა მამამ. — ჩვენ ქალაქში უნდა ჩავიდეთ, საქმეები გვაქვს. საღამოს იოსები ბრუნდება უკან ეტლით, მას გავყვებით. დაბინდებისას სახლში ვიქნებით. გაზაფხულია, მალეც არ ღამდება. ხომ არ გეშინია, აბელ? — არა, მამიკო. სანამ აქ არ იქნები, მე მივხედავ ყველაფერს, — ვუთხარი მე. ძლიერად ჩავეხუტე და დედასთან წავედი. — დე, რამდენინე კაპიკს მომცემ სკოლაში ფუნთუშა რომ ვიყიდო? — კი, ჩემი ტკბილო აბელ. ასე მეფერებოდა დედა. ხელის პატარა ჩანთიდან სამი კაპიკი ამოიღო მუჭაში ჩამიდო, ჩამეხუტა და წარმატებები მისურვა. — მალე დავბრუნდებით. სკოლაში არ დააგვიანო. მეც სკოლაში წავედი. ცოტა არ იყოს, მეძინებოდა. ვფიქრობდი, იქნებ შევძლო და რუსულის გაკვეთილზე გამოვიძინო. სამი დღის მასალა უკვე ჩაბარებული მქონდა, დავალებაც მიწერია. ბავშებმა რომ ვერ გაიგონ, იქნებ მომცეს ნება ჩუმად, რადგან ბავშვებმა ახლა დაიწყეს კითხვა, რუსულად მე კი თავისუფლად ვსაუბრობ. ეს ბაბუის დამსახურებაა, რომელიც ომამდე მასწავლიდა. შემდეგ ომში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა… გამარჯობა, ქალბატონო მარინე. — გამარჯობა, აბელ. რით დაგეხმარო, ჩემო გამორჩეულო? — თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ არ მიწყენთ. — გისმენ, აბელ. თუ შევძლებ, დაგეხმარები. — იქნებ დღეს… მე უბრალოდ… აბელს ერიდებოდა თქმა. — თქვი, აბელ. ამოღერღე, — გამეხუმრა მასწავლებელი. — იქნებ დავიძინო თქვენს გაკვეთილზე, რადგან გუშინ არ მძინებია მთელი ღამე და ძალიან სუსტად ვარ. — კი, აბელ, რა თქმა უნდა, — მყისვე მომიგო ქალბატონმა მარინემ. — მადლობა, — ვუთხარი. საკლასო ოთახში შევედი და უკანა მერხზე დავჯექი. თავი მაგიდაზე დავდე და ძილს მივეცი. ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში მეძინა. ალბათ ეს იყო ჩემი ყველაზე მშვიდი ძილი, რადგან ამ წამის მერე მშვიდად და უშფოთველად ბალიშზე თავი არ დამიდია. სახლში დავბრუნდი. ყველაფერი ამრტოა. ცოტა ვისადილე. წავედი, ღორებს წყალი და საჭმელი დავუდგი. დავუყარე ქათმებს. კვერცხები ავიღე და ჩამოკიდებულ ფართუკში, სადაც თხილს ვაგროვებ ხოლმე, იმ ჯიბეში ჩავიწყე. ახლა ძროხებთან შევედი გომურში. თივის ზვინები აზვირთული, დაპაჭკული, 8 კლასელმა გადმოვიღე სამკაპით. გავშალე და ოთხივე ძროხას გავუნაწილე. წყალიც მივიტანე და ცოტა ნაკელიც გამოვგავე. შემდეგ ბაღში ჩავედი. ყანა მოსარწყავი იყო. მზეც არ უყურებდა ახლად ამოშვერილ სიმინდის ქოჩრებს. წყაროზე გრძელი წყლის მილი შევაერთე და დავიწყე ყანის მორწყვა. რომ დავასრულე, ბაღშივე ამოსული ჭარხლის ფურცლები, სტაფილოს ღერო და კომბოსტოს ფურცლები დავწყვიტე და კურდღლებს ვაჭამე. დაღლილი და მოსავათებული საღამოს სახლში შევედი. ფეჩს ნაკვერჩხალი გამოვუჩიკნე, შეშა შევუკეთე და ცეცხლიც ავანთე. ძველი ცალუმინის ჩაიდანი მოვიტანე, წყალი ჩავასხი და ფეჩზე შემოვდგი. იქვე დედის გაკეთებული ლობიო იყო. ჯამზე მასაც შეცხელება დავუწყე. მაგიდა გადავწმინდე. მაგიდაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამნი ვცხოვრობთ სახლში, ოთხი თეფში დავდე, რადგან სტუმარი ღვთისა. მამისთვის ღვინის ჭიქა დავდე, მე და დედას კი ჩაი. მოაღამოვდა. ძილი კიდევ და კიდევ მაწვებოდა. მშობლები არ ჩანდნენ. ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ჭიშკართან ავედი. ვუყურებ გზას, რომ იქნებ გამოჩნდნენ. ცოტას ვნერვიულობ და არ ვიმჩნევ. ამ დროს ჩვენმა მეზობელმა ჩამიარა, რომელიც ბაზრიდან ბრუნდებოდა, და გამოვეხმაურე: — გამარჯობა, ამირან. დედაჩემი და მამაჩემი ხომ არ შეგხვედრია გზაში? ამირანმა შემომხედა. შეკრთა. ასეთი პატარა, 13 წლის ბავშვი მარტო სახლში… — არა, შვილო. ალბათ ავცდით, თორემ აუცილებლად ვნახავდი. ნუ ნერვიულობ, დაბრუნდებიან. და გაიარა. — მადლობა, ამირან ბაბუა, — მივუგე მე. ⸻ კიდევ უფრო მოღამდა. შორს, უკვე ყანის ბოლოდან, ტურის ხმაც ისმის. მამა და დედა არსად ჩანან. სახლში შევედი. ლამპები ყველა ოთახში ავანთე, სახლის კარები ჩავკეტე და ლოგინზე ვზივარ. ყელში ბურთი მეჩხირება, რადგან მეშინია. გონება ყველანაირ ცუდს ფიქრობს. ნეტავ რამე ხომ არ მოუვიდათ? ვცდილობდი, არ მეფიქრა, მაგრამ შიში უფრო და უფრო მიპყრობდა. ნეტავ გზაში რამე ხომ არ მოხდა? ნეტავ რატომ არ ჩანან ამდენ ხანს? ყველანაირი ცუდი ფიქრი ტრიალებდა თავში. თავს ვეღარ გავუძელი და ავტირდი. — დედა… დეე, გთხოვ, დაბრუნდი. მამა, სად ხარ? მოდი, გთხოვ. გაიარე შენი დიდი მხარბეჭით აქ. გთხოვთ, მალე მოდით. განა არ გიყვარვართ, ასე რომ დამტოვეთ ამდენ ხანს? კარგა ხანს ვტიროდი. შემდეგ ცრემლი დაშრა და ცოტა ჩამეძინა. გაღვიძების შემდეგ გვიანი ღამე იყო. ველოდები დილას და ფიქრი არ მასვენებს. უსათუოდ რაღაც მოხდა და ამას უნდა გავუძლო. შეიძლება მამის საუბარი ამას ნიშნავდა… „უფალი მაძლიერებს დანაკარგით…“ ნამდვილად ჩემი მშობლები აღარ არიან? დილით დეპეშა მოდის. გარდაიცვალნენ კონსტანტინე და ქეთევანი. გადასვენებულნი იქნან ექსპერტიზაზე. ეს იყო მომენტი, როცა ჩემში მოკვდა ბავშვი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი