ჰო,ასე ამბობ!


ჰო,ასე ამბობ თვითმკვლელობის მთელი სერია,
მაჯებ გადახსნილ წერილებზე გრჩება,იქ მგონი,
ტროტუარებზე მიგდებული ღმერთიც მტვერია,
ბედნიერება,უბედურმა გამოიგონა.

ძუძუებივით ჩამოწელილ, ღია აივნებს,
აღარ უყურებს აღარავინ,აღარც ყოფილან,
ჩემზე იდარდონ,სხვა რა გზაა,ახლაც დაღლილი,
ვსუნთქავ უძილო ღამეებს და ავადმყოფი ვარ.

გადავიტანეთ,ვიერთგულეთ,მივხვდით,შევძელით,
მზეებს წვიმები შევასხურეთ,ქარის დინებით,
როგორ მოვშორდე დედამიწას,ნაზარეველო,
გზები თუ არა,რაღაც მაინც გეცოდინება.

მორიგი ღამე,მომარტისფრო,მცირე ბრალდებით,
სულის წიაღებს,გაუხშირეს ანუ უმატეს,
ტკივილ ნაჟონი,ეს ქვასავით გული გასკდება
და ავტირდები,გადიდებულ დედის სურათთან.

აუტანელი ქუჩებია,მოგრძო,მოშავო,
მისამართები უმნიშვნელო,ხორცის ნაშალი,
ჭორიკნებივით ამინდები,ჩემზე როშავენ,
თეთრი ხალათი მომიხდა და აღარ ვაშავებ.

მორგი,ლიმონი,აპათია,ლურჯი ფიტული,
მკლავები ბევრგან დაჩხვლეტილი როგორც საცერი,
იმთქვენთაგანი დღეს რომელიც აღარ მკითხულობს,
მიდით და ჩემზე უკეთესად რამე დაწერეთ.

დედაშევეცი თქვენი ხანის,თქვენი ეპოქის,
საზიარებლად, აჰა რწმენა,აჰა საყდარი,
უაფხაზეთოდ  საქართველო როგორ გვეყოფა,
დაწვით რუკები,შეისუნთქეთ ფერფლი,ნახვამდის!

მტკივა,უკვამლო,უფერული,ცივი სახლები,
ღრმა მოხუცებით,უმნიშვნელო მეტად ნაკლები,
გამხმარ ხეებსაც,უნაყოფოს, ხელს არ ახლებენ
და ძაღლს არავინ დაუძახებს,გამოსაკვებად.

ახრიალებად ღირდა სული,ზეცამ ინათა,
ნაპოლში ჩემი ჰაერია,ვუძლებ სიშორეს,
ვიყიდი ყვავილს,რომ არავის აღარ მივართვა,
უბრალოდ მინდა მეყვავილემ,ფული იშოვნოს.

ყელზე მარყუჟი,შველასავით,რომ ვერ მოგვეშვა,
ექოებივით აღრენილი ხმები,კარებთან,
გასეირნება დერეფნებში,კორიდორებში,
ნაცემ ძაღლივით,ბადრაგი რომ დაგვატარებდა.

გარეთ, ნალესი შიშებია,შური,ზიზღია,
 ფეხზე მკიდია,რომ  ბოზია,ყველა წმინდანი,
და ვინაიდან მილურსმნული ქრისტეს სისხლი ვარ,
შემაგუებენ,შემახმობენ,მიმაწმინდავენ.

პლანეტა მრგვალი,განიერი,მწვანე,მეტობა
დაუდგენელი თარიღებით,რიცხვებს ნიშნავენ,
რადგან ქურდობა არ გამოსდის არცერთ კლეპტომანს,
თვალებზე უფრო თვალებია,შესანიშნავი.

ჰო,ასე ამბობ თვითმკვლელია ყველა პოეტი,
თითები ლექსებსაწერი და გული მონასტრის,
თუ  სიცოცხლეში,ერთხელ მაინც ვერ ვიხმაურე,
სიკვდილთან ბოლო გაჩუმება უნდა მოვასწრო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი