დამშვიდობება


ხელიდან წასული პოეტი ვარ,
არ აღიარებენ და იციან,
დედა კი არა,დრო მეტირა,
სიცხიანს.

გარეთ წვიმა დარბის ფეხშიშველი,
მშვიდი ამინდები გაავდრდა,
ნეტავ,ვიცოდე შენ მიშველი,
ავად ვარ!

მხოლოდ ძაღლებიღა ერთგულობენ,
ათასჯერ გეფიქრება,არ ნატრობ,
ალბათ აღარსად,გეგულები
მღალატობ.

ტკივილიც,თვესავით გაივლის,
ლურჯ ზეცას ღრუბლებით კირავენ,
იმ ქუჩას, სადაც შენ გაივლი,
ვქირაობ!

იცინე,რაც გინდა დავარქვათ,
ამ გრძნობებს გულიდან ამომხტარს,
გაგვჭოროს,სოფელმაც,ქალაქმაც,
რა მოხდა!

ლექსებსაც გიკითხავ,მერე და
თითებით მოგიქსოვ,ნაწნავებს,
ლოცვა თუ არ იცი,მერე რა,
გასწავლი!

ადამის ნეკნი ვარ თუ ლავიწი,
ან უფრო პოეტი და ვამეტებ,
ალბათ სიცხე მაინც დამიწევს,
წავედი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი