წერილი ციხიდან


შუაღამეა,ყველას სძინავს,ამ მკვდარ ოთახში,
სუნთქვაშეკრულს და უსიცოცხლოს, მიჯობს რა უფრო,
ახლა რომ ჩემთან მოხვიდოდე გაშლილი თმებით,
ანგელოზივით,მაცოცხლო და გამესაუბრო.
სიცხიან სახეს,შეუბერო სული,სიცილით,
 უწყლო ტუჩებზე,მომაშველო ცივი თითები,
ნაცნობი მზერა დამამჩნიო,გამითავისო,
სანამ სიტყვები,უსაშველოდ ასე ითმენენ.
გარეთ საღამო უჩემოდ რომ ჩამოთავდება,
და უძილობით გაათევენ შიშებს,ბუები...
ტკივილებივით ამტკივდება ხორცში სიცოცხლე,
და უშენობას,უშენობით,შევეგუები.
სანამ შენს თვალებს,შენს ხმას,შენს თმებს,გადავიჩვევდე,
დაღლილი მხრებით,გამექცევი ღვთისფერ კანიდან,
ყველა სურვილი,ყველა ნატვრა,ყველა ოცნება,
გადაილაგე,გაიყოლე ჭუჭრუტანიდან.
შუაღამეა,ყველას სძინავს ამ მკვდარ ოთახში,
ჩემმა თვალებმა შეძლო მხოლოდ ამის დანახვა,
რა საშინელი ადგილი და სანახავია,
როცა გგრძნობ მაგრამ რეალურად ჩემთან არახარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი