მე არ მეშინია ომის!
მე არ მეშინია ომის! მე მეშინია გაბოროტებული ადამიანების,რომლებიც იქცევიან ორ დაპირისპირებულ მხარედ და ისინი აღარ იქნებიან ადამიანები. მე მეშინია დაცარიელებული,შიშჩამდგარი ქუჩების,სიმყუდროვე დარღვეული ხმაურის და ხმაჩაწყვეტილი მხიარული ბავშვების,რომლებთაც ანთებული თვალებიდან,კეთილი გულებიდან წაერთმევათ ყველანაირი ფერადი აღქმა თუ უნარი,რადგან ისინი შიმშილს და ობლობას ვერ შეეგუებიან.შეზიზღდებათ ბავშვობა,ყველა შეიარაღებული ადამიანის ხელები,შეზიზღდებათ ქვემოთ სისხლიანი დედამიწა და ზემოთ ამინდებით განრისხებული თვალით არნახული უფალი. მე მეშინია მშობლების დაუმთავრებელი გამწარებული სიცოცხლის და მათი სამოსის ფერის,სამუდამოდ. მე მეშინია ყველა სიცილის რომლებიც შეაშრებათ სახეზე. მე მეშინია ყველა გლოვის და გოდების,დაბეჩავებული ხორციდან ამოხრიალებული,უსუსური სულიდან. მე მეშინია გადამწვარი ეკლესიების და მონასტრების,რწმენაჩაფერფლილი ხმაგაკმენდილი ზარის,უმისამართოდ გაპარული ანგელოზების. მე მეშინია ყუმბარების,ტანკების,იარაღების,რკინების გროვის,რომლებიც არ არიან დამნაშავენი ამ სისხლისღვრაში,რამეთუ ისინი იძულებით იქნენ ამ საქმის ჩამდენნი.მე მეშინია დახვრეტილი ყველა სახლების,ხეების,ცხოველების,ფრინველების სახეები. მე მეშინია ყველა მტერის,ყველა მოყვარის,მთელი დედამიწის მეშინია,მთელი პლანეტის. მე არ მეშინია ომის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი