დედაჩემი
გუშინ სიზმრები ამოვქექე წარსულიდან,შენი ზღაპრები რომ მიწყებდნენ და მიმთავრებდნენ,მაგრამ ვერცერთს ვეღარ ვიხსენებ. მირაჟებივით ამეკვიატნენ მოგონებები შენი სახის,შენი ღიმილის,რაღაცით მგავდი,რაღაცით არა. სიკვდილსაც ვცდილობ,შენ რომ შეგეხო და მერე ჟრუანტელ მოგვრილმა უკანმოუხედავად ვიცოცხლო. დედასავით დედაა ჩემი ცოლი,მამასავით მამა ვარ,ალბათ არ იცი,ან შენ საიდან უნდა იცოდე,მიწის ქვემოთ არ საუბრობენ,მიწის ქვემოთ არავის ესმის.... უწყლო ტუჩებით, ღვინის სმას შევეჩვიე იმდენად გავხდი, ახლა რომ ჩემთვის ერთხელ მაინც შემოგახედა,პოეტობასაც დამაბრალებდი. მშვიდად ისუნთქე,დედაჩემო და თუ ცაში ღმერთი შემოგხვდა ნურაფერს ნუ სთხოვ,მან უკვე მოგცა სიახლოვის უფლება მასთან. ო,რა იქნება ერთხელ მაინც ჩემს ოთახში შემოხვიდოდე და ძველებურად დედასავით,ამ აბურდულ მონატრებას დაალაგებდე. სიზმრებში როცა დააპირებ მონახულებას,გთხოვ არ მოხვიდე ამ თვალებთან,უმამაჩემოდ. გუშინ სიზმრები ამოვქექე წარსულიდან,უიმედო,არაფრის მომცემი,ტკივილებივით ტკივილი მაქვს მარცხენა მხარეს. რაღაცით მყავდი,რაღაცით არა...მაგრამ ყოველთვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი