დავიხოცებით
დავიხოცებით მეგობარო,მაგის დროც მოვა, წინ მოლოდინის უსასრულო,მძიმე წლებია, ძაღლების ნაცვლად შუაღამით იყეფებს მთვარე, რადგან ძაღლები,ჩვენ რომ წავალთ,მიგვაკვდებიან. სულში რომელშიც აღარ დარჩა სიწმინდის წვეთი, გამონადენი ვენებიდან სისხლი კი არა, იწვიმებს ჩემთან,შენს ოთახში და მერე იქნებ, ტკივილებივით აფხაზეთმა წამომიაროს. ჩამომკიდებენ საქართველოს ჯვარივით გულზე, და გოლგოთამდე მეც ავათრევ,მაშასადამე, ნიკოტინისგან გავყვითლდებით(კიბო რომ არა), წამოგვეწევა დედის წყევლა,კუბოს დადგამენ. ზალაში სადაც ვმასპინძლობდით სტუმართ,მოყვარეს, დღეების მსგავსად ქვეყნის ღვინო რომ დაილია, ადრინდელივით სიცილის და ხორხოცის ნაცვლად, უხმოდ,ცრემლებით,წამიერად ჩამოგვივლიან. მორჩება ღამის წირვები და პროცესიები, აღარაფერი გვეშველება,თუ რაც გვშველოდა, ვიბადებოდით,ვიზრდებოდით საქართველოში, და ბოლოს მაინც წასვლა გვიწევს,საქართველოდან. დავიხოცებით მეგობარო,მაგის დროც მოვა, რა მნიშვნელი აქვს დღეს იქნება,ხვალ თუ ახლავე, რისი პოეტი,რისი გლეხი,რისი მხატვარი, დრო ჩვენ სუყველას,ერთ მიწაში,დაგვასაფლავებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი