მე გეკითხები,შენ ისევ დუმხარ


მე გეკითხები,შენ ისევ დუმხარ,
უადრესატოდ ვგზავნი ნაწერებს,
პაემნებს ალბათ გინიშნავს სულ სხვა,
მეც იმედი მაქვს მალე,გამწერენ.

შორია,სივრცე ჰორიზონტიდან,
ვიწყებ კადრების უკან დახვევას,
გაწუხებს გული და როგორც გუშინ,
ეწევი დღესაც,კოლოფნახევარს.

დგეხარ ფანჯრებთან,სახეშეცვლილი,
უმზერ ქუჩებს და თვალებს თვეობით,
არ უწევთ ძილი,რადგანაც ფიქრობ,
ნანობ,არ უნდა გადამჩვეოდი.

აბსტრაქციებით ილევა ღამე,
აორტებს ვიგლეჯ და სისხლის დაცლა,
მეწყება როგორც ნოემბრის ქარი,
გიგზავნი იებს ამ გულის ნაცვლად.

ვწევარ,პალატა სადღაც მერვე თუ...
რაღაცნიშნიან წამლებთან ერთად,
ვითხოვ შენს თითებს,სიცოცხლის მერე,
როგორ მინდოდა,შენთვის რომ მეთქვა.

გიტოვებ მხოლოდ ლექსებს და დაღლას,
ღიმილებს,კოცნას ყელზე და უხმარს,
გრძნობებს,ვკითხულობ,ვინ არის ის სხვა?
მე გეკითხები,შენ ისევ დუმხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი