ორნი


მოღრუბლული ამინდი,მეტნაკლები სიცივე,
რუსთაველის გამზირი,საჩაიე,საყავე,
შენი თეთრი სახიდან,გიკრეფავდი სიცილებს,
ერთმანეთი გვყავდა თუ ერთმანეთი გავყავით.

თავთან იჯდნენ ბავშვები,შორიახლოს იქ ზევით,
ხმები სუნთქვას ახშობდა,მზერა ფიქრებს ამხელდა,
მოიწიე ახლოს და ფოტო იყო მიზეზი,
ნაღვლიანი თვალებით,ჩემში შემოსახედად.

ყავიანი ტუჩებით მიამბობდი,სრულიად,
ვიღაც როგორ გიყვარდა,სანამ ასე დაგსჯიდა,
მერე ფერი გეცვალა,კოვზით გადაურიე
ფინჯან ყავას და გული მოისროლე ფანჯრიდან.

ისე ახლოს იყავი,გირწმუნე და გეწამე,
მიწას ცაც არ ერთვოდა,გეფიცები,ცა მიწას,
ისე მძაფრად მეტკინა უსაშველო ეს ღამე,
მუჭში თამბაქოსავით დაგმალე და ჩაგიწვი.

რუსთაველის გამზირი,უფრო უკუაღმართი,
მოღრუბლული ამინდი,მეტნაკლები სიცივე,
სიზმარივით მორჩი და სიზმარივით დამთავრდი,
დარჩა მხოლოდ სახიდან დაკრეფილი სიცილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი