არასასურველი გმირი


ია და ვარდი,
განსაკუთრებით 
ვარდი ჰყვავის,
როცა ტალახზე 
ამღვრეული სისხლი ეცემა,
შენ კი კუნთებით
ზღვა გიჭირავს-
უბორკილებო,
ათასის ხმაში გამოარჩევ
საკუთარ სახელს,
ოღონდ კი იყო ვინმეს მიერ
დაძახებული,
გემუდარები,
ნუ შეწყვეტ სირბილს,
სანამ ან ღმერთი
ანდა ცეცხლი არ გამოჩნდება,
შენ გემტერება ყველა სიკეთე,
და თვალს გარიდებს მოწყალება,
ზურგს არ გაგიმაგრებს აოიდოსი,
ვინც ლექსებს უნდა სწერდეს, 
და 
შენს ლეგენდას აზვიადებდეს,
გასამართლდები,
და შენს გმირობას 
სახელს შეურჩევს რქიანი ღორი,
ტყუილად იმედობ,
რომ ამ სირბილში აგყვებიან
ისინი მაინც,
ვინც ქარებს არღვევს ჯიბის დანებით,
შენი სახელი არ უყვირიათ,
და სულ პირიქით, 
იმას ველით,
ვინც თუნდაც კუზით მზეს გადაფარავს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი