ოთახში ვზივარ, გელოდები


აი, შენ ისევ გაუჩინარდი,
და სანამ შენ იქნებ და სრულქმნას აპირებ,
მე ვხდები შენი სიზმრის
ბოლო პერსონა,
ვისზეც არ მოყვები გაღვიძებისას,
და მე 
ნამდვად არ ვაპირებ სრულფასოვნებას,
პირიქით, ვუფრთხი კიდეც
დიდ სახელებს,
ლათინურ ენაზე -
დიდი ასოებით ნატვიფრ სახელებს,
იქნებ იმიტომ
რომ თვალს ვერ ვავლებ,
და ობოლივით ვსევდიანდები
მამის ფიგურის წარმოდგენისას,
შენ სანამ წასული ხარ დასალიერში,
სინამდვილეში კი ბავშვს ვერ აძინებ,
მე ვებრძოლები ნაკისრ ვალებს,
და შენს წინაშე ფორთხვას ვაპირებ,
რომ შეგახსენო გზა ჩემამდე,
თორემ ცივდება დასხმული ჩაი,
მადუღარა კი მეტად დუღილს ვეღარ გაუძლებს,
ჩემი სევდა კი, შენს გაქრობას
ებრძოლება ფხანვის სურვილით,
და ახლა რომ დაგენახა,
როგორ ვიქავებ ინტიმურ ზონებს -
გაიცინებდი,
მე კი ვიფერებ
ამ დაცინვასაც ოთახის ძაღლივით,
და გელოდები
რომ დარჩენილი ბნელი ღამე,
სიამის ტყვე და-ძმასავით
ერთად დავძლიოთ,
შენ თუ გგონია
რომ უშენობა შემახსენებს
ჩემს ვინაობას,
იცოდე მაშინ - სიყვარულო,
მე ყოველ ჯერზე სიმარტოვეში
ვემსგავსები გამხმარ სილუეტს,
არა მზისას, არა ვარდისას,
არამედ ახალგაზრდა კაცის
გამხმარ სილუეტს,
და ვის უნდა დრო გაატაროს
ხმელი სილუეტის ტყავში გახვეულმა,
იმაზე ფიქრში
რომ პაემანზე გამოჩენამდე,
შენ ქალღმერთივით სრულქმნას აპირებ,
ვზივარ, ვუყურებ ჩემნაირებს,
ვიტრინაზე დაწყობილ ჭურჭლის სერვიზებს,
და თუ ძალიან შეგაგვიანდა 
მათ რიგს შევავსებ,
შენ ზიხარ ახლა ჩემს გონებაში
დასალიერთან ახლომახლო,
და ხდები ყველაზე სრული
ქალი, ვისაც შევხვედრივარ,
სინამდვილეში კი ბნელ ოთახში,
ჩვენს შვილს აძინებ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი