ფსიქოპატი


მოკაშკაშე მზის სხივები
მინდორზეა მოფენილი,
ბიჭი წევს და ცას შეჰყურებს,
ზეცა სუფევს მოწმენდილი.

მის გვერდით წევს გოგო წყნარი,
ლამაზმანი, მშვენიერი,
ხოლო გული მისი ნაზი
სიკეთით არს ბედნიერი.

და ბიჭს უცებ ეუბნება
რაღაც ფიქრი უწმინდური:-
“მას ადვილად შენ მოკლავდი,
გოგო არის უსუსური.”

ბიჭმა ყური არ დაუგდო,
ყურადღებაც არ უქცია
და ფიქრები უეცარი
კვლავ სიღრმეში განაქცია.

დღე გავიდა, ხოლო ბიჭი
მის ჩვილ დასა ეფერება,
უღუტუნებს, ლოყაზე ჩქმეტს
და მის დასაც ეცინება.

უცებ ისევ დაუბრუნდა
აზრი ფიქრად იგი ავი:-
“მიდი ძალა დაატანე
გაუსრისე შენ დას თავი”

უცებ ბიჭი გაიწია,
ვერ იჯერებს რაც გაიგო.
არ ჩავარდა იმ ხაფანგში
რაც თვითონვე მან დაიგო…

ისევ მის დას გაუღიმა,
ბიჭს თვალები უციმციმებს
და დედამისს უხარია
დაიკო რომ გაუცინებს.

ბიჭის მამა აივანზე
სიგარეტსა ცეცხლს უკიდებს.
ბიჭი მასთან თემებზე ბჭობს
და მოაჯირს ხელსა ჰკიდებს.

უცებ ფიქრი ეუბნება:-
“წაიწიე და ისკუპე
და ეზოში ბავშვების წინ
დააყენე სისხლის უბე…”

ბიჭს რატომღაც ჩაეცინა,
ხოლო თავი გააქნია.
გამოფხიზლდა და ეამა,
რომ ეს აზრი არ უქნია.

მამამისთან ჩვეულებრივ
გააგრძელა საუბარი.
მამამისს კი ეამა ეს
ჭკვიანური ნაუბარი.

ბიჭი გოგოს ხელს ჩაჰკიდებს
და მიდიან ერთად გზაზედ.
გაუხშირდა ბიჭს აზრები,
მოეხვია ავი თავზედ.

ბიჭი მარტოდ დგას და იბრძვის,
სხვას კი არას ეუბნება,
თუმც ეულმა მეომარმა
ვერ დაიცვა მისი ნება…

და ერთხელაც დაუჯერა
ავ ფიქრებს ვით წვიმა თქეში…
ბიჭი ქუჩად დაიარებს,
გოგო კი წევს სამარეში…

იქნებ ოდეს დაიჭერენ,
ჯერ არავინ იცის ფაქტი…
ვინ მიხვდება, რომ ყოფილა
მშვიდი ბიჭი ფსიქოპატი?..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი