შეკითხვების სასახლე


დროა დაიწვას ისევ ქალაქი?
აღსდგეს სიჩუმის მკვდარი ყინული,
მჭამდეს ყმაწვილი და ფათერაკი,
მძაგდეს აზრები მე განწირული. 

მძინავდეს შმორში, ტბორში ვიბანდე 
ხელ-პირს, მეფაროს უღმერთო ზეცა,
მანძილი მუდამ იყოს ბინამდე 
და ტანზე მხოლოდ სიცივე მეცვას? 

ვამბობდე: ერთდროს ვიპოვე ჭერი
ვეჭვობდე: წყნარად ხომ არ მეძინა? 
ახლაც უჩემო ღამეს ვუმღერი 
და ვამჩნევ, ქუჩას რომ გაეცინა. 

ვიცი, არასდროს არ მქონდა სახლი,
მეფარა ბადე, მესხა ქაოსი,
მახსოვს სიჩუმე და შორი დახლი, 
და სილუეტი სასაფლაოსი. 

ჩემს უმიზნობას დაედო მტვერი, 
რადგან სიცოცხლე შენში ვიპოვე. 
თუ წარსულიდან ვერ გამოვძვერი 
და მწერს საშოში კვლავაც ვიტოვებ? 

მე კვლავაც შენი ფიქრის სასახლეს,
სხვა აივნებით და სხვა ხედებით, 
ვუმზერ, სანამდე თვალებს გავახელ 
და აჩრდილივით დავეხეტები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი