დიდებული იდეების დაწუნებული ესკიზები


ქალაქგარეთ, იქ, სადაც დიდი მინდვრებია გაფენილი და სახლები არათუ ახლოს, ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს  დგას ერთი დიდი შენობა, რომელიც ეკუთვნის ერთ ჩია კაცს. როგორც თავად ამბობს ორმოცდაათი წელია ხარატია. სახელად ლეონარდო, იტალიელის პატივსაცემად დამარქვეს და ალბათ აქედან გამომყვა ამ საქმის ნიჭიო. ქალაქ გარეთ რა მინდოდა, იკითხავთ ალბათ, თუმცა რა მენდომებოდა ერთი ქალაქიდან მეორეში ვბრუნდებოდი, აბა ცივი ნოემბერი სულაც არ არის პიკნიკისთვის ზედგამოჭრილი თვე მე თუ მკითხავთ. 
   როცა მანქანით მივდიოდი წვიმიან ამინდში დიდ გუბეში ჩამივარდა ბორბალი, რგოლები იდგა და წვიმამაც მხედველობა შემიზღუდა, საბურავი გამისკდა, მობილური დამჯდარი მქონდა და გადავწყვიტე ახლოს რამე შენობა მომეძებნა, მიუხედავად იმისა, რომ სახლების არანაირი ნიშანი არ არსებობდა. უცებ დავინახე ეს საამქრო, თუ რაც არის. ეს იყო უზარმაზარი შენობა, თუმცა ძალიან მოკრძალებული თანამშრომლების მხრივ, ერთი ლეონარდო, დაოსტატებული ხარატი, ხოლო მეორე ლეონარდოს დამხმარე გივიკო.
  მივედი და კარზე დავაკაკუნე, თავიდან ალბათ ისევ მაგარი წვიმის ხმა ეგონათ და არ მიღებდნენ კარს, თუმცა ერთი-ორჯერ ძლიერ დავარტყი კარს ხელი და კარი გივიკომ გამიღო. 
-შემოდი, შემოდი, სულ მთლად გაწუმპულ ხარ ბიჭო. - შემიპატიჟა შუა ხნის გივიკომ.
  ჩემი ამბავი მოვუყევი.
  შენობა მართლაც დიდი იყო, როგორც ვხედავდი ბევრი დასრულებული და ბევრიც დაუსრულებელი ნივთები ელაგა მაგიდებზე.
-ოსტატოო, ოსტატოოო - გასძახა გივიკომ.
-რა იყო გივიკო, ბარემ ამ მონაკვეთსაც დავასრულებ და გამოვალ. - გამოსძახა ლეონარდომ მესამე ოთახიდან, ჩანდა რომ იქ იქმნებოდა შედევრები, აბა ოსტატი ტყუილად როდის  უწოდებიათ ვინმესთვის?!
-არ მოაცდინოთ ჩემს გამო. მე კი მერიდება თქვენი შეწუხება, უკვე ბნელა გარეთ, იქნებ ერთი ღამე თქვენთან დავრჩე და თანხას გადავიხდი, არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ ახლა სად წავიდე. - ვუთხარი გივიკოს, რადგან ამ შენობაში ოთახის მაგვარი კონსტრუქციები შევნიშნე. თანხის ხსენებაზე წარბები შეკრა გივიკომ, მივხვდი რომ სტუმარ-მასპინძელი უეჭველად წაკითხული ჰქონდა, ან იქნებ და სუფთა ქართული გენია ეგ არის, რომ სტუმარი ღვთისაა და მას ღმერთი უშვებს შენთან.
-ღვთიური სალამი ჩვენს სტუმარს - მესამე ოთახიდან გამოსული ლეონარდო მომესალმა.
-გაგიმარჯოთ ჩემო ბატონო. - პატივისცემით მივესალმე მეც , ეს წესია, უფროსს ფეხზე უნდა წამოუდგე და ზრდილობიანი იყო შენზე დიდ ადამიანთან.
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო, წლები ისე გავლენ, აქ მხოლოდ ისინი მოდიან თუ რამ წასაღები აქვთ აქედან, თუ რამის წასაღებად ხარ მოსული დაივიწყე, არაფერი დამიწყია წესიერად ჯერ და დასრულება ხომ გამორიცხე და გამორიცხე. - მოხუცის თვალებში დაღლილობა და სევდა ერთად გამოშჭვიოდა.
-არა, ამ ადგილის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემთხვევით აღმოვჩნდი თქვენს კარზე ბატონო, იცით რა მე … - ლეონარდოსაც მოვუყევი ჩემი ამბები.
-შენ რა გქვია ბიჭო, ან რამდენი წლის ხარ? - მკითხა ოსტატმა.
-მე მქვია იოანე და ვარ ოცდაათს გადაცელილი, ბატონო ჩემო. - ვპასუხობდი და თან იქაურობას ვათვალიერებდი. გულში ვფიქრობდი, რომ ხელოვნება ნამდვილად არის რაღაც ისეთი, რის გამოც ცხოვრება ღირს, დაწყებული სიმღერით, დამთავრებული ერთი უბრალო მონახაზით, მასშიც დიდი აზრი შეიძლება ჩააქსოვოს კაცმა. ასე იციან აუქციონებზე უაზრო ნაჩხაპნებში მილიონებს იხდიან - ეს არის  
ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა .
-იოანე კარგ დროს მოხვედი. საქმეებს მოვრჩით მე და გივიკო. ვჭამოთ, დავლიოთ, ლოგინსაც გაგიშლით და ხვალ რა დროსაც მოინდომებ გაგიშვებთ შინ. - ნამდვილ მასპინძელს რომ შეეფერება, ზუსტად ისე დამხვდა ეს ორი კაცი.
   როგორც წესი სადღეგრძელოები მიყვა რიგის მიხედვით და იმ დროს, როცა მნიშვნელობა აღარ აქვს ვის ან რის სადღეგრძელოს სვამ, ცოტა შემთვრალი ვუყურებდი ოსტატის გამოქარგულ ლამაზ ნახატებს, ხისგან გამოჭრილ ნაკეთობებს და დიდ ემოციებს იწვევდა ჩემში. ფეხზე წამოვდექი და ხმამაღლა ვთქვი:
-გაუმარჯოს ხელოვნებას! გაუმარჯოს ხელოვანებს! ღმერთმა დალოცოს ისინი!
-ბიჭო იოანე, შენ თუ იცი პირველო ხელოვანი ვინ იყო? - მკითხა გივიკომ.
-ჰომეროსი? - კითხვას კითხვითვე ვუპასუხე.
-აუფ, ეს ეტყობა ბევრს კითხულობს, ეგრევე ბრმა ავტორი რომ გაახსენდა. - გაიკრიჭა ლეონარდო.
-აბა ვინ არის ? - დავინტერესდი მთვრალი მე.
-ღმერთი ბიჭო! ღმერთია პირველი ხელოვანი, რომელმაც არაფრიდან ყველაფერი შექმნა, რომელმაც თეთრი და შავიდან, ფერთა სიმრავლე მიიღო. - ახსნა გივიკომ, ვინ იყო პირველი ხელოვანი.
-მაშ გაუმარჯოს პირველ ხელოვანს, ანუ ღმერთს და მის შემოქმედებას, ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს! - მთელი გულით ვადღეგრძელებდი ღმერთს.
   აღმოჩნდა, რომ პირველიც და იმდღევანდელისთვის ბოლო სადღეგრძელოც ღმერთზე იყო. ის ჭიქა იყო და ყველა საწოლებისკენ გავეშურეთ.
   ვიწექი და ვფიქრობდი ხელოვანებზე, ცოხლებზე, ბავშვებზე, დიდებზე, მკვდრებზე და უცებ გავიფიქრე, რამდენი ადამიანი წავიდა იმ ქვეყნად, რომელსაც ცხოვრების ესკიზები დახაზული ჰქონდა, თან ვერც იტყოდი დიდებული არ იყოო იმ ესკიზებზე. დიდებული ესკიზებად კიდე იმას ვთვლი მე , კაცი რომ იმაზე ოცნებობს თავი შესწიროს მის ოცნების ქალს, ქალიც რომ იმავეს ფიქრობს, შვილები ჰყავდეთ და ერთად აღზარდონ, დიახ აღზრდასა და გაზრდას შორის დიდი განსხვავებაა. კიდევ ბევრ კარგ საქმეზე რომ ფიქრობს, სხვაზე რომ ფიქრობს და ედარდება სხვისი გასაჭირი და მისი დახმარება უნდა. ეს ხომ დიდებული ესკიზებია. საერთოდაც, ამ თემაზე ამ ოსტატის ნამუშევრებმა დამაფიქრა და ძილის წინ სულ ამაზე ვფიქრობდი. ეტყობა დიდმა ხელოვანმა დაიწუნა ეს დიდებული ესკიზები და ალბათ ამიტომაც არ გამოუვიდათ იმათი დასრულება გარდაცვლილებს-მეთქი ვფიქრობდი.
   ამ ფიქრში ჩამეძინა და თვალი რომ გავახილე, დილის სუფრა გაშლილი დამხვდა, ვიღაც უცხო კაციც უჯდა მაგიდას.
-ეს ვულკანიზატორია. - მითხრა გივიკომ, - ჭამე, მშიერი ხომარ გაგიშვებთ შორ გზაზე, მერე მანქანასაც შეაკეთებ და წახვალ…  - პატარა სკამი მიმიდგა გივიკომ მაგიდასთან.
   ვჭამეთ, დავნაყრდით და წავედით მე და ვულკანიზატორი მანქანისკენ. 
   როგორც იქნა მივედით, შორი ყოფილა და კიდევ კარგი არ წვიმდა დღისით მაინც. ბორბლის მოხსნა დაიწყო კაცმა.
-ამის შეკეთება შეუძლებელია ახლა, ამ ვითარებაში, სათადარიგო საბურავი უნდა დავაბათ და გაგიშვებ, ქალაქამდე კი გაგიძლებს და იქ შეცვლი - თქვა მან და მეც დავეთანხმე, რადგან შინ მეჩქარებოდა, მსურდა სანამ ცოცხალი ვიყავი ოჯახში არასდროს დამეგვიანა და სიკვდილამდე მიმეხედა და მებრძოლა ჩემი დიდებული ესკიზებისთვის, რომელიც დიდ ხელოვანს არ დაუწუნებია ჯერ ჩემთვის.
-ეგ არის, შეგიძლია წახვიდე! 
-რამდენია ჩემზე უფროსო? 
-არაფერია, ძია ლეონარდომ გადაიხადა დღეს დილით. 
   რა მაგარი ვინმეა ეს ჩია კაცი, რამხელა გულს იტევს, ალბათ მასაც დაუწუნეს დიდებული ესკიზები მეთქი გავიფიქრე გულში.
   მანქანაში დავჯექი, დავქოქე და მაგისტრალისკენ მიმავალ გზას დავადექი.
       ოჯახი მელოდებოდა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი