ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?!


სამსახურიდან დაღლილი მივედი სახლში, შვებულებამდე ბოლო სამუშაო დღე იყო. როგორც კი საწოლი დავინახე შევხტი და გადავეშვი დიდი სიზმრების მორევში. ოხ, ეს სიზმრები, ალბათ რომ გამოვცე ნობელის პრემიას თუ არა საბას უეჭველად მომცემენ ისეთი და იმდენი უცნაორობები მესიმზრება ხშირად, ზოგჯერ ისინი მესიზმრებიან, ვისზეც დღის განმავლობაში ვფიქრობდი ან მეფიქრებოდა.
საშინლად წვიმდა, სახურავიდან წვიმის წვეთების ხმა გამაყრუებლად ისმოდა, ამასთან მაღვიძარაც არ ჩერდებოდა და ყოველ ათ წუთში მახსენებდა რომ უნდა გამეღვიძა. სოფელში უნდა წავსულიყავი, ახლა ასე გადავწყვიტე, რომ ამ მივლინების დროს ბებია-ბაბუასთან გავატარებდი, თან ეს აჭარის მთები. ნამდვილი სამოთხეა, კაცმა როგორ არ უნდა ნახოს ერთხელ მაინც. 
ავდექი, როგორც იქნა, დილის ცხრა საათი სრულდებოდა, ხელპირი დავიბანე და სამზარეულოში გავედი, სახლში მარტო ვიყავი და რაც მაცივარში იყო იმით უნდა დავკმაყოფილებულიყავი. მოკლედ მშიერი არ დავრჩენილვარ, რაღაც ვჭამე რა. ჩემი ცოლ-შვილი სიდედრთან გავუშვა წინა კვირას. სიდედრის ატანა არ მაქვს, ჩემებს წასვლა ვარჩიე , თან დიდი ხანია არ მივსულვარ და სირცხვილია კაცმა უყურადღებოდ დატოვო ბებია-ბაბუა. ნოდარ დუმბაძის არ იყოს: “ბებიის ძუძუები გვლოცავენ”. 
ბათუმი, ეს ქალაქი მიყვარს, ამ ქალაქით ვსუნთქავ და მიჭირს მასთან განშორება, თუნდაც ერთი დღით მაინც. ახლა კი ორი კვირით უნდა გავშორებოდი.
ბენზინ გასამართ სადგურზე საწვავის ავზი გავავსე, მერე მაღაზიაში შევიარე და საბარგული პროდუქტებით და ბავშვებისთვის სათამაშოებით დავტვირთე. საერთოდაც, მე მგონია რომ ეს ცხოვრება ბავშვებისთვის ღირს მხოლოდ. სხვა თუ არაფერი არასოდეს მოგატყუებენ, ვერასოდეს იგრძნობ მათგან სიძულვილს, აი დიდებისა კი რა გითხრათ, ეჰ დიდები..
მივედი ხიხაძირში, ჩემს ბავშვობასთან, აქ ამოსვლის დროს პირველრიგში ხიხანის ციხეს ვნახულობდი და დიდ სელიმს ვადღეგრძელებდით მუდამ. აქაც მოღალატემ მოკლა ეს კაცი, სელიმ ფაშა.
დაღმართს ჩავუყევი მანქანით და ეზოში შევედი, აქ ხის ღობეები და ჭიშკრებია, ჭიშკარს ამაგრებს მრგვალი თელი, მეორე ღობეზე გადაბმული, აქ თითქოს ყველაფერი ბუნებრივია, მათ შორის ადამიანებიც. შევედი თუ არა ნანი ბებო გამომეგება, ხელები ცომით ჰქონდა დასვრილი განზე გაწია და ისე მაკოცა. 
-ანიიი, ე რა კაი ქენ ჭოო, ხანდისხან ჩამოი, ნენე-პაპაი ნახე, ჩემ დუშმანივით რომ გაქრები. - მისაყვედურა ნანიკომ, მაგრამ ეს უფრო ჩემი სიყვარულის გამოხატულება იყო. ის, თუ როგორ ვუყვარდი.
-ბები, ხომ იცი ვმუშაობ და დასვენება არ მაქვს, ახლაც დეკრეტული ავიღე და თქვენთან წამოვედი, მომენატრეთ, განსაკუთრებით შენი დაცხობილი ხაჭაპურები მომენატრა, შენი კომპოტი და შენი ჩახუტება, თქვენ მოგიძღვნით ამ ორ კვირას.
ნანიკოს სახე უღიმოდა, ისე გაუხარდა ჩემი ბოლო ნათქვამი.
-შამოი ჭო, იგზე დიგიწყე ხაჭაპურები და გუდუუშვი საყლაპავში. იმფერი გემრიელია ებბედი არ გექნება ნაჭამი ქალაქში. რაცხა აი კაცი არ ჩანს და ისე მგონი სვამს დეინახე შენ? ანტერი, ამოსაწყვეტელი. - მივხვდი ბაბუაჩემს ლანძღავდა, აბა კობა გემზეა წასული. კობა ჩემი ბიძაშვილია.
მართლაც , რომ იტყვიან სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა, მუცელი გამომებერა ამდენი ჭამისგან და მაინც არაფერი აკლდებოდა სუფრას. ეს არის ბებია.
-ბები, შენი ჭირიმე, თუ არ გინდა ჭამისგან მოვკვდე, ესენი მომაშორე.
-ანიი გო, ე რა ხმელი ხარ ჭო? პაწაი მოგასუქოდა, ძვალი და ტყავი ხარ დარჩენილი, ამფერი რაფერ იზამს. - გააქნია თავი და გავიდა. მე ეზოში გავედი, მოვლილ, მოკოხტავებულ ეზოს ვუყურებდი. უცებ მეზობლის ბიჭი გადმოვიდა, - ვაა, კოტეი მოსულაა, ჭო რაფერ ხარ? 
-რავიცი ნიკოლოზ, ნელ-თბილად, შენ? - ვუპასუხე მე.
-რავიცი, რაფერ ვიქნები ამ მამაჩემის გადამკიდე, გამწყვიტა შვანაზე. - ამოიოხრა ნიკოლოზამ.
-ნანიი ბებოო, ნანი ბებოო, - გასძახა ბებიას მან, - დედაჩემმა გამომგზავნა საღამომდის ორი ლიტრა რძე მასესხოს და დავუბრუნებოო.
-სესხება რა სათქმელია, შამოი გაგატან და არ დიმიბრუნოს უთხარ ვაჩუქე. ისთე მიყვარს მე დედაშენი.
ვგიჟდებოდი ბებიაზე, იმისთანა ქალი არ მენახა დედამიწის ზურგზე.
ბებია, საოცარი ცნებაა ამ სამყაროში, სანამ არიან უნდა ვაფასებდეთ, მაგრამ ვაკეთებთ ამას განა ისე, როგორც საჭიროა? განა არ ვიცი, რომ ზოგიერთი ბებია საშინელი ქალია? თუმცა ისინიც იმსახურებენ სიბერეში ყურადღებას და პატივისცემას. შენ მაინც კარგი უნდა იყო, ღმერთი დაგინახავს. ცხოვრებაც აგრეა მოწყობილი, ადამიანთა უმრავლესობა, ვერასოდეს ვერ დაგინახავს კარგ საქმეებს, სამაგიეროდ, თუ შეცდომა დაუშვი, არ აქვს ამას მნიშვნელობა ნებით თუ უნებლიეთ, მიწასთან გაგასწორებენ და ამისთვის მზად უნდა იყო.
სახლში შევედი, ბებიას სუფრა აელაგებინა, თუმც ტკბილეული მაინც ეწყო. რა კარგია ბებიასთან განმარტოება - ვფიქრობდი მე, - რაზეც გინდა ისაუბრებ, არსად არ დაგვხდება. საღამოს რვა სრულდებოდა. 
-ანიი გოო, აი ნაკოლკა როის დეიხატე? - შეამჩნია ჩემი ახალი ტატუ, როგორ დამავიწყდა დამალვა, გავბრაზდი ჩემს თავზე, მაგრამ რაღა მექნა ახლა.
-აგი ბებო, ხომ ხედავ ასო “ნ” მაწერია, აგი არის შენი სახელის გამო. სულ რომ მახსოვდე. - ვცდილობდი თავის მართლებას, რომ დატუქსვები არ მესმინა.
-კი, აბა რაი, სულ ჩემი გულიზა დეიხატე მაი ნაკოლკა დაა, ჯერ იმფრა არ დავბლაყვდი ბადიშმა მომატყვილოს, ოიიი. - მიხვდა ბებია, რომ ეს ტატუ ჩემი შვილის, ნინიას გამო მქონდა ამოსვირინგებული.
-ბაბუ სად არის ? რატომ ამდენ ხანს არ გამოჩნდა?
-სვამს იოსკასთან, ჭირი ეცა იმ ანტერს, დუუჯდება და ათრობს, ამას კიდე მაი უნდა ისეც იმფერი გამოლენჩებულია. შინაც ვერ შამოდის ნასვამი, იგერ იგზე გეიშხლართება დივანზე და გამთენიოს ექსამდე ძინავს.
“თუ კი რომ დაგაკლდა ალერსიიი, დილაოო ჰოუ დილაოოოო… - მომესმა ბაბუაჩემის ხმა.
““მეგობააარს ჩახედეეეე თვაალებშიიიი…დილაოოო, ჰოუ დილაოოოოო…” - ხელგადახვეულები შემოდიოდნენ ჩვენი ეზოსკენ. სასაცილო კი იყო, ორი გაგლეჯილი მთვრალი კაცის ნახვა.
-კოტეიი ამოვდა ჭოოო, ამა ვენაცვალეეე! - სიხარულს ვერ მალავდა ოთარ ბაბუ.
-კოტეე გუუუმარჯოს, მოი ჩეგეფურჩქნოდა ყიაში. ჰაიდე დავლიოთ. - შემომთავაზა იოსკამ.
-არა იოსკა ბაბუ, ხვალ დილაზე ნაბახუსევზე რომ იქნებით მაშინ დავლიოთ ერთად.
-ოიპე, კაიი რაფერცხა შენ გინდა იმფრათ იყოს ბაბუკა.
დაძინების დრომ მოაწია. სხვათა შორის, სოფელში, ხის სახლში დაძინებას სულ სხვა ხიბლი აქვს, სხვანაირი გემო. საბანში რომ გაეხვევი, არცერთი მწერი არ გაწუხებს, ჩაწვები და ისეთ სიზმრებს ნახულობ ქალაქში რომ ვერასდროს ნახავ. სამაგიეროდ, გემოზე ძილმა სოფელში მალე გამოღვიძება იცის, ამიტომ დილას რვაზე უკვე ამდგარი ვიყავი საწოლიდან. დაბლა ოთარ ბაბუ იჯდა და ღუმელს შეშას უნთებდა, ბებია ისევ სამზარეულოში დაფაცურებდა. 
-მოი ბაბუ მოი, თავი მაქ გახეთქვაზე, ერთი ჩეგეხუტო, რამითი თვეა არ მინახიხარ ჭო, ამფერი დაკარგვა არ იზამს. იშტე მოვკვდენა რომ ჩამოხვიდე ხომ? - ბებიასავით დამაყარა ბაბუმ და მასაც ავუხსენი ისე, როგორც ბებიას.
-ახლა იოსკაი გადმოვა, რაცხა ზაბორი აქ გასაკეთებელი, ავთოის ძროხებმა დუუნგრიენ იგზე ბოსტანში გადასასლელი. გადმოვა თუ არა დევეშვათ შენი ჩამოსლა დავასველოთ, უხხ ჩემი ჭკვიანი ბადიში!! 
-სა მუუსვლელში მიგყავს აი ბაღანა, აგიც გაალოთონა  ხომ შენფრათ, შენ და იოსკამ ცეცხლი და ნავთი დალიეთ. სოფლის პიანიცები აგენი.
-ბებიაშენს არ მუუსმინო ბაბუ.
არადა ბებია თითქოს მართალი იყო, ამ სოფელში ბაბუზე და იოსკაზე მეტად სასმელს არავინ ეტანებოდა.
-ბაბუ, ი პისტალეტი რომ დვია შკაფში, აწიე და წამეიღე, სროლები ავტეხოთ ჰაერში, ვინმე ან რამეს არ ვესროლოთ ბაბუკა. 
მეც ჩამოვიღე ეს დამბაჩა და ოთარ ბაბუს მივაწოდე, იმან ქამარში გაიყარა. წავედითო მითხრა და მეც წავყევი. გავიარეთ იოსკასთან, ერთი ხუთლიტრიანი ღვინო ავიღეთ და ტყისკენ გავეშურეთ. მწვადები შევწვით, თევზი ზგარაზე და კიდევ რავიცი რა არ. 
-გუუმარჯოს შენ ჩამოსვლას ბაბუ, გამჩენელმა ღმერთმა დაგლოცოს და იგი იყოს შენი მფარველი. გლახა თვალები დადიენ ბაბუ და ასი თვალი და ასი ყური უნდა გამეიბა, იმფრა არ უყვარან ახლა ჭკვიანი ხალხი რომე, რამე ჭკვიანური რომ თქვა შეიძლებ ციხეს გუუსინჯო გემო. არც უცხოებს არ ენდო მანდამაინც ბაბუკა, ჩათლახების მეტი რა დადის დუნიაზე. ჩემ დუშმანს იმისთანა ხალხია  დღეს ზოგიერთი. 
-ნუ დეიწყე ახლა, აგზე ვიქეიფოთდა ჭოო, ინსტიტუტი ხომარაა რომ ლექციის წაკითხვა დეიწყე?! - გამოეჯავრა იოსკა.
-ჭოოო, შე ბლაყვოო, რას გეტყვი იცი? კაცს, სადაც გინდა იქ მიცემ რჩევას და მერეც კიდო მაგიზა რათდამჭირია ინსტიტუტი, აგზეც ინსტიტუტია, თუ რამე კაის ვასწავლი.
-მწვადი არ დაგვეწვას. - შევახსენე მე რომ კამათი არ გაგრძელებულიყო.
ბაბუაჩემმა ქამრიდან დამბაჩა ამოიღო და ჰაერში სამჯერ ისროლა. ხეზე შემომსხდარი ყვავების გუნდი ცაში აფრინდა.
-ოთარ ბაბუ, ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე? 
-რაიზა მეკითხები ბაბუ?
-აბა გასროლის მერე რატომ აფრინდა ყველა ერთდროულად?
-მარტო ყვავები ფრთხებიან განა? - ჩაერთო იოსები.
-არა ბაბუ, იოსკაც ფრთხება და შიშისგან იფსამს თოფის ხმაზე. - დასცინა იოსკას ოთარ ბაბუმ.
-მაშინ, რატომ ისვრი ბაბუ, თუ იცი რომ ყვავები დამბაჩის ხმაზე დაფრთხებიან?
-მაგაზე არ მიფიქრია შვილო, ხომ ვთქვი არავის ვესვრი-თქო.
-მაგრამ უბრალო გასროლამაც ხომ შეიძლება დააფრთხოს ყვავები, ეგ არაფერი, გული გაუსკდეს შეიძლება. ესეც ხომ მაგ უბრალო გასროლის შედეგი იყოს შეიძლება?!
-აქედან დასკვნა, ყვავები ფრთხებიან დამბაჩის ხმაზე! - დაასკვნა იოსკამ.
-მე ვეთანხმები იოსკა ბაბუს დასკვნას, - ვთქვი მე და ხელი ჩამოვართვი იოსკა ბაბუს.
-ახლა დავფიქრდი ბაბუკა და მეც გეთანხმებით, შენც და იმ გამოლენჩებულსაც, სხვა რა გზა მაქვს.
-ბაბუ ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ.
-გისმენ ბაბუ.
-ეგ დამბაჩა არასოდეს გაისროლო, რომ არცერთი სულიერი არ დაფრთხეს. ჩემი სურვილია, რომ კედელზე დაკიდო და მხოლოდ ვიზუალური სილამაზისთვის იყოს.
-ლუკას სულს ვფიცავარ, არასაოდეს გევისვრი ბაბუ, დავკიდებ კედელზე , ხანდისხან გასაწმენდად ჩამოვხსნი და მეტი აფერი. კაცურ სიტყვას გაძლევ ბაბუკა, არასოდეს გავისვრი დამბაჩას!
-ბაბუაჩემი კაცური კაცი იყო, პირობა, პირობა იცოდა და დარწმუნებული ვიყავი არასოდეს გადაუხვევდა გზიდან.
ეს იყო და ეს, მას მერე ჩვენი სახლის კედლიდან დამბაჩა გასასროლად აღარ ჩამოღებულა, ერთიორჯერ თუ გაწმენდდა ბაბუ და ისევ თავის ადგილზე დააბრუნებდა.
ორი კვირა თვალსა და ხელს შუა ამოიწურა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი