სამი ძმა
მრავალმა წელმა განვლო ჩემი ძმების გარდაცვალებიდან. ახლაც სტუმრები გავაცილე, მათი გარდაცვალების ათიწლისთავია დღეს. საოცარი ტრადიციები გვაქვს, ადამიანი მოკვდება და მერე სულ ჭამაზე ვფიქრობთ ყველა, აბა იქ მუსლიმანებმა შვიდი დღეს მერე ჭამაო, ქრისტიანებმა ცხრა დღის მერეო, აბა კიდევ ორმოცი დღე რომ გავაო, მუსლიმანებმა ორმოცდათორმეტიო, მერე ყოველ დაბადების დღეზე და წლისთავზე ისევ ჭამა, იმათ არ შველით არაფერი თორე, ჩვენ კი ვნახულობთ ჩვენს გზებს და კიდევაც ვჭამთ ნაირ-ნაირ სქჭმელებს. ერთი ისაა რომ გვგონია, გვინდა და წარმოვიდგენთ, რომ რასაც ჩვენ მივირთმევთ მათ სულს დახვდება იმ დუნიაზე. ამიტომაცაა, რომ ჭამის დასრულების შემდგომ ხშირად ვამბობთ: “ღმერთმა მკვდრების სულს დაახვედროს”. მე არც მწერალი ვარ და ვფიცავ ჩემს სიცოცხლეში არაფერი არ დამიწერია და ახლა ჩემი ძმების სიკვდილიდან ათი წლის თავზე გადავწყვიტე მათი ამბავი მომეყოლა, თქმა არ უნდა, ორივესი ცალ-ცალკე იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა ადამიანი იყო, საბედნიეროდ, არცერთი ცუდი და არც მეორე. სამი ძმა ვიყავით და მხოლოდ მე დავრჩი. ვახტანგი, ლაშა-გიორგი და მე - დავითი. რას გაუგებ ძველ ხალხს, ალბათ მეფეების გამო დაგვარვქეს ეს მეფეთა სახელები. ჩვენ არც შეჭირვებული ოჯახი ვყოფილვართ ოდესმე და არც ვინმეზე მეტი გვქონია, იმდენი გვქონდა, რომ თვიდან თვემდე გაგვქონდა თავი. ჩვენს შორის სხვაობა კი სამ-სამი წელია. ვახტანგი იმ დროს მოეწყო ინსტიტუში, როდესაც ფულით აბარებინებდნენ მშობლები. იყო ასეთი დროებაც, როცა მასწავლებლებს ფულს უხდიდა მშობელი და საგანი ჩაბარებულად გეთვლებოდა. ვახტანგის საამაყო ყოველთვის ის იყო, რომ მოწყობისთვის არცერთი თეთრი არ გადაუხდია ჩვენს მშობლებს. თითქოს ჩვენი ძმა ჩვენთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო, თუმცა მე და ლაშა-გიორგიმ “ვირობა” ვარჩიეთ. უცებ კარები აჭრიალდა და დავინახე დედა შემოდიოდი ჩემს ოთახში. -რას აკეთებ ამ ღამე შვილო, დაისვენე, იმდენი სტუმარი მივიღეთ და გავაცილეთ, ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მისცა იმათ მოსვლამდე. ამინ! - ასე იციან დედებმა, იმასაც ლოცავდა, ვის გამოც ჩემი ძმები დაიღუპნენ. “ვეფხი და მოყმე” თუ წაგიკითხავთ ვინმეს მიხვდებით ვინ არის დედაჩემი. -კარგი დედა, ხვალ გავაგრძელებ. - არ მიყვარდა მე დედის წყენინება და მართლა ისე მოვიქეცი როგორც დავპირდი. -ძილი ნებისა ჩემო ბიჭო. -ძილი ნებისა დედა. ინათა, მზის სხივები ჩემი ოთახის ფანჯრებს ეცა და მთელი ოთახი დღის ლამაზი შუქით გაანათა, ასეთ დროს ზეზე უნდა წამოხტე ეგრევე და მეც წამოვხტი, მოვწესრიგდი და მაგიდას მივუჯექი. მთელი დღე წერასა და წერაზე ფიქრს დავუთმე, რა გამომივა არ ვიცი, ეს თქვენთვის მომინდია. სად შევჩერდით? ვახტანგმა მთელი თავისი ცხოვრება კარიერას დაუთმო. მისთვის უკანა პლანზე იყო სიყვარული, ოჯახის შექმნა და ყოველივე მსგავსი. მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან თუ გაირბენდა ხოლმე, არავინ დამაჯეროთ რომ იქ არ დადის ყველა კაცი. ერთ-ერთმა ინგლისურმა კომპანიამ რესტორნების ქსელი გახსნა საქართველოში, თუმც არავინმა იცოდა მისი მფლობელების ვინაობა, რადგან ქართველი ბიზნესმენები აკონტროლებდნენ. ჯერ იყოდა ერთი რესტორნის მენეჯერი გახდა, საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა და მის ვირ ძმებს არასდროს არ გვტოვებდა უყურადღებოდ. მისმა დამაკმაყოფილებელმა სამსახურმა დამსაქმებლების სიმპათია გამოიწვია და მენეჯერობიდან დააწინაურეს და ახლა იგი კომპანიის გენერალური დირექტორი იყო და უფრო საპასუხისმგებლო საქმეს მოეკიდა, ხელფასი ხუთჯერ მეტი დაუნიშნეს. სოფელში სახლი გაარემონტა, ძვირფასი მერსედესის მარკის ავტომობილი შეიძინა თავისთვის, საჭირო დროს მძღოლიც კი ემსახურებოდა. ჩვენც გვიყიდა მანქანები, მოკლედ რაც გვაკლდა ვახტანგის დამსახურებით არაფრის დანაკლისს არ ვუჩიოდით მერე. ჩემი უფროსი ძმა ძალიან წარმატებული კაცი იყო. გარდა განათლებისა მას ის ცოდნაც ჰქონდა, რომელიც არსად არ ისწავლება, თუ შენ თვითონ არ ხარ ისეთი გულის კაცი. ჩემმა ძმამ იცოდა, რომ ხშირად ყურადღება უნდა მიექცია ეგრედწოდებული ბირჟის ბიჭებისთვის და ორ-სამ თვეში ერთხელ კაი სუფრას შლიდნენ უბნის ბიჭები ვახტანგის მიცემული ფულით. ოჰო, განათლება, ფული და კეთილი გული, ძალიან ლამაზი რამეა ამქვეყნად, ოღონდაც სიყვარული აკლია, სიყვარული რომ ჰქონდეს ვიტყოდი, რომ ყველაზე ლამაზი რამაა ეს ყველაფერი ერთად. ოჰოო, სიყვარული ვახსენეთ? ვახტანგზე მგონი საკმარისად იცით. ახლა გადავიდეთ შუათანა ძმაზე, ლაშა-გიორგიზე. როგორც მეფე ლაშა-გიორგი იყო უიღბლო სიყვარულში, ეს ჩემი ძმაც ასეთივე იყო. მთელი მისი ცხოვრება შრომას დაუთმო, ოღონდ არ გეგონოთ მაღალ ხელფასზე და რამე. წლების განმავლობაში ერთი გოგო უყვარდა, აუარებელ საჩუქრებს უგზავნიდა, რაზეც ხუმრობით დავუძახებდი. -აე ფიროსმან, რაც გაქვს ბარემ ყველაფერი გაყიდე და ერთი დიდი მანქანა წითელი ვარდები მიართვი. იქნებ მოეწონოს ეგ საჩუქარი-მეთქი, გავეხუმრებოდით ასე მე და ვახტანგი, იქნება მოეხედა ჩვენკენაც. ერთ საღამოსაც გალეწილი მთვრალი მოვიდა და ცრემლები ნიაღვარივით ჩამოსდიოდა. -რა გატირებს ბიჭო ამხელა კაცს? - მე მართლა მაინტერესებდა, ჩვილობის მერე მისი ტირილი არ გამეგო და არ მენახა თვალით. -ცალმხრივი სიყვარული მატირებს დაუთ. გამანადგურა, დედა მიტირა, ამ ცხოვრების დედას შევეცი ძმაჯან, ნამდვილი სიყვარული? აბა მანახე, გამახედე სად არის? - მართლა გაანადგურა ჩემი ძმა ამ უიღბლო სიყვარულმა, არავისი და არაფერი არ ესმოდა, მისთვის მხოლოდ ერთადერთი ქალი არსებობდა ამ ქვეყანაზე. -ცხოვრებაზე მეორედ არ შეიგინო, ღმერთი დაგსჯის შე უმადურო, ორი ფეხით რომ დადიხარ, ხელში ჭიქას რომ წევ, სამსახურში წასვლის და მუშაობის ძალა გაქვს, ეს უკვე ნიშნავს რომ ადამიანი ხარ და რაღაც შესაძლებლობები მოგანიჭა ზეციურმა ღმერთმა და მისი დაკნინება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ახლა კი მითხარ რაზე მოთქვამ ბიჭო? -სოფელში ხმა გავარდა ნატალია გათხოვდაო, სადღაც კახეთისკენ გათხოვილა. მოვკლავ, მის ქმარს უეჭველად მოვკლავ, არ ვაცოცხლებ. - მთვრალი, გამწარებული, რას ამბობდა თავადაც ვერ ხვდებოდა. -რას ამბობ ძმაო, თუ ადამიანი გიყვარს შენს სიყვარულს უნდა სცე პატივი, ვისთანაც ფიქრობს რომ ის ბედნიერი იქნება გაუშვი, თუ გიყვარს მისი ბედნიერება უნდა იყოს მნიშვნელოვანი შენთვის. შენი თავი თუ გაინტერესებს მხოლოდ და შენი ბედნიერება, მაშინ ეგოისტი ყოფილხარ და ეგ არის . - ახლა რომ ვუფიქრდები მთვრალ კაცთან ამდენ საუბარს რა მნიშვნელობა ჰქონდა? ორი ყური ტყუილად ხომარ ჰქონდა. ეს ღამე იყო და მას მერე ყოველ ღამე მთვრალი მოდიოდა ჩემი ძმა სახლში. ხელფასს აიღებდა თუ არა რესტორნებში და ჭამა-სმაში ხარჯავდა. დედაჩემი ძალზე ნერვიულობდა, რა არ სცადა, რა არ ურჩია, თუმცა თქვენ გაიგეთ დედაჩემის რჩევები? ზუსტად მასე გაიგო ლაშა-გიორგიმაც. ერთ დღესაც დედაჩემი ტელეფონთან მივიდა და მივლინებით ლონდონში წასულ ვახტანგს დაურეკა. -ცუდად შვილო…არაა, არაფერი სასიკეთო…შენ უნდა დაელაპარაკო…მართალია, ნატალია, კი, კი… აბა თუ ხვალ მოფრინავ დანარჩენს აქ მოგიყვები შვილო, მშვიდობიანი ფრენა, შეხვედრამდე. მეც… - დედამ ყურმილი დაკიდა. მართლაც, მეორე დღეს ვახტანგი ჩამოფრინდა კოპიტნარის აეროპორტში და იმავე საღამოს სახლში იყო. დედამ მონატრებული შვილი გულში ჩაიკრა, აჭამა, დაასვენა და ამის შემდგომ გადავიდა საქმეზე. -შვილო ვახტანგ, შენს შუათანა ძმას არავის არ ესმის, ყველას ნათქვამს ერთ ყურში შეუშვებს, მეორეში გამოუშვებს. ყოველღამე მთვრალი მოდის, განა არაფერს გვიშავებს, მაგრამ თავს ავნებს ბოლოს ასეთი საქციელებით. ერთ-ორ კაპიკს გააკეთებს და ჭამა-სმაში აყრის, მეცოდება შვილო, ვირივით შრომობს, აბა მე რათ მინდა მისი ხელფასი, მთავარია თავის თავს მიხედოს. ხომ იცი შენი რიდი აქვს დედი, იქნება გაესაუბრო? შენებურად, ჰა? - იმედის თვალები უმზერდნენ ვახტანგს დედაჩვენის სახიდან. -კარგი დედა, აუცილებლად, ოღონდ ცალკე გავიყვან და ისე. არც ვახტანგის ჩამოსვლის დღეს არ მოსულა სახლში ფხიზლად ის, ვახტანგმა მისი თვალითაც ნახა. -ეს რა დაგმართნია ? ამ დონემდე დაეცი რომ ამხელა კაცი პიანიცა გახდი? - წარბაწეული, გაბრაზებული მზერით შესცქეროდა ვახტანგი ლაშას. შერცხვა, გაწითლდა, ხმა ვერ ამოიღო და ენის უთქმელი დასაძინებლად წავიდა. -დედა ლაშა-გიორგიმ გაიღვიძა? - იკითხა ვახტანგმა. -კი, შვილო, ეზოშია გასული. -აე, ნიკალა, წამოდი მანქანით გავიაროთ, ბევრი სალაპარაკო დაგვიგროვდა მე და შენ, შენც წამოდი დავით, - ამომძახა დაბლიდან ვახტანგმა - დაესწარი ჩვენს ლექციას. -არა ვახტანგ, მათეს უნდა გავყვე სადღაც, მთხოვა და ხათრი ვერ გავუტეხე. -კარგი მაშინ ჩვენ საღამოს დავბრუნდებით. დაიბარეს ძმებმა და ეზოდან გავიდნენ მანქანით. ეს ჩემი ძმების ბოლო ნახვა იყო, ნეტავ კიდევ მოსულიყო ჩემი ძმა მთვრალი სახლში, ნეტავ კიდევ… ეჰჰ ცხოვრებავ… მთავარ გზაზე მიმავალ ვახტანგის მანქანას დაეჯახა მანქანა, რომელიც ჩიხიდან გამოქროდა. როგორც შემდეგ გამოძიებით დადგინა, მანქანას მუხრუჭები არ უმუშავებდა და ამიტომ მოხდა ეს ტრაგიკული შეთხვევა, თუმცა მაინც ის კაცი ითვლებოდა ჩემი ძმების მკვლელად. დედაჩემმა შეუნდო მათ და აპატია, ღმერთისა არაფერი ვიცი, დედას თუ ეყო ძალა რომ შვილების მკვლელისთვის ეპატიებია, მაშინ ღმერთიც უეჭველად აპატიებდა. ახლა ჩემი ორივე ძმა ოთხ ფიცარში წევს, ათი წელი გავიდა, ფიცარი სადღა დარჩებოდა, მიწაში წვანან უკვე. საშინელებაა მათზე წარსულში საუბარი, წავიდნენ და დატოვეს სიყვარული და სახელი, რომელიც ორივეს ჰქონდა მოხვეჭილი სხვადასხვა წრეში. ლაშა-გიორგის უფრო მსმელ ხალხში. სამარეში არაფერი წაუღიათ რა. მეტს ვერ გავაგრძელებ, მე უბრალო მუშა ვარ და დოსტოევსკივით წერა სად შემიძლია. დასასრული… 15.12.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი