უნიღბოდ ნიღაბში
"ძვირფასო ადამიანებო, დედამიწის კორონა ვირუსით დაავადების გამო ცხოვრება ნებადართულია მხოლოდ პირბადით"-გავიფიქრე და მივიყუჟე ვაგონის კუთხეში. ვაკვირდები ნიღბებიან ადამიანებს და ვფიქრობ, რაც უფრო ფართო ნიღაბს ვატარებთ, მით უფრო გვძვრება სულიერი ნიღბები, მით უფრო კარგად ჩანს ჩვენი უნიღბო სახეები, აბა რაღად გვინდა ნიღაბში ნიღაბი. ამ ფიქრებში გამოვედი ვაგონიდან. ვიღაცამ მუჯლუგუნი გამკრა. შემომხედა, არც ბოდიში, არც შეწუხებული სახე... რა აზრი აქვს, ნიღაბში ვინ გვიცნობს. დავდივართ ქუჩებში დაზომბებული სახეებით...აღარც მეზობლებს ვესალმებით, აღარც ნაცნობებს ან ყოფილ კლასელს ან კოლეგას, ნიღბიან სახეს ვარიდებთ და ვიმედოვნებთ ვერც ის ვერ გვიცნობს. აღმოვაჩინე, რომ პირბადეს ერთი ჯადოსნური ფუნქციაც აქვს. თავი უხილავი გვგონია, თითქოს ამოვძვერით ადამიანის ტყავიდან და ჩვენს გემოზე დავაბიჯებთ მიწაზე. ბოლო ხანებში ადამიანებს ვაშტერდები. საკმაოდ ურცხვად, მანამ სანამ თვალს თვალში არ გამიყრიან. მერე მაგონდება, რომ ეს პირბადე მხოლოდ სახეს მალავს და მუქი სათვალე არაა. თუმცა , სულ მგონია, რომ ნიღაბში ვეღარავინ მამჩნევს. ვაგზლის მოედანზე მეორე ხაზზე გადავჯექი. ადგილები ბევრი არ იყო, მაგრამ ერთ ასაკოვან ქალბატონს მაინც დავუმშვენე მხარი. თან მის სუნთქვას ვაკვირდები. "თუ დაახველებს გადავჯდები", ვფიქრობ ჩემთვის.მთელი ერთი გაჩერება მის სუნთქვას ვუსმენდი მანამ, სანამ შემდეგ სადგურზე ხმაურიანი თინეიჯერი ბიჭები არ ამოვიდნენ და ყურადღება მათზე არ გადავიტანე. ერთმანეთს ეჯიკავებოდნენ, ხუმრობებით წაკბენდნენ და საკმაოდ ხმამაღლა ხითხითებდნენ. ამ დროს ჩემში მასწავლებელი იღვიძებსხოლმე. სულ მინდა, რომ დისციპლინა დავამყარო. შემდეგ მიმოვიხედე. არავის ადარდებდა მათი ქცევები. ჩემს წინ მამაჩემის ხნის კაცს, რომელსაც პირბადე მხოლოდ პირს უფარავდა, ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და ხანდახან ორაზროვან მზერას მესროდა. გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი, ასევე ყურსასმენებით და ნიღბით კარგად აღჭურვილი, გამწარებული მესიჯობდა. მეც მინდოდა ყურსასმენების ამოღება და მუსიკის მოსმენა, მაგრამ იმდენი ხანია სახლში ვზივარ, სახლიდან ვმუშაობ. სახლიდან ვასწავლი, სახლიდან ვიგებ ქვეყანაზე რა ხდება და ზოგადად, სახლში ვარსებობ, რომ მატარებლის დუდღუნის ხმაც კი სასიამოვნოდ მეჩვენა. "რეალობის ხმები", გამეფიქრა ჩემთვის. ვაგონის კარი გაიღო, შემდეგ სადგურზე ციგნის გოგო შემოვიდა. დიდად არ გამხარებია მისი დანახვა, ვიცოდი მოვიდოდა, მუხლებზე ჩამომეკიდებოდა, შეიძლებოდა შეეგინა თუ ხურდას არ მივცემდი, ჭუჭყიანი ხელები წაესვა და შეეფურთხებინა კიდეც, ეს ყველაფერი გამოცდილებით მახსოვდა, ამიტომ ყოველთვის ვერიდები მათ, ან ვაგონიდან ჩავდივარ, ან ვცდილობ უჩინარი გავხდე. ახლა უფრო თამამად ვზივარ, მე ხომ უჩინმაჩინის ნიღაბი მაქვს სახეზე აფარებული. თუმცა, ამჯერად მის მხარეზე აღმოვჩნდი. ჩვენი ნაცნობი თინეიჯერი ბიჭები ამ ციგნის პატარა გოგოს დამცირებით დაკავდნენ. წრეში მოიქციეს, ნახე რას გავსო, ჯერ ერთმა ბიჭმა გადასძახა მეორეს. მერე ფეხებზე დახედეს. დღეს 4 ნოემბერია, გამიელვა თავში. ბავშვი ჩუსტებით და შიშველი ფეხებით იყო. ჭუჭყიანი, დასაბანი თმებით, ჭრელი კაბით და კიდევ უფრო ჭრელი მოსაცმელით. ნიღაბი არ ეკეთა, სახეზე ეწერა რომ მებრძოლად იყო დაბადებული. ბიჭებს არ შეუშინდა. ხან ერთს დაარტყა, ხან მეორეს. ბიჭები არ შედრკნენ, თვითონაც დაარტყეს, დასცინეს, " ამას უყურეთ, რა ტაპოჭკები აცვიაო, " ერთ-ერთმა, ყველაზე გამხდარმა და სათვალიანმა, რომელსაც შავი ნიღაბი კიდევ უფრო აბოროტებდა, ბოძზე ცეკვა დაუწყო ამ ბავშვს, ხელით ეჯიკავებოდა, დასცინოდა....მოკლედ, მთლიანად წარმოაჩინა შავ ნიღაბში თავის უნიღბო სახე...გოგომ შეაგინა...ამაზე სხვა ბიჭებიც გამოექომაგნენ ძმაკაცს, ზოგმა თმა მოწიწკნა, ზოგმა აქეთაც შეაგინა, ვაგონი გაჩერდა. ყველანი ერთად ჩავიდნენ, ბავშვი უკან გაეკიდა მათ, გინებით და მუშტებით იცავდა თავის პატარა, მომთაბარე "მეობას", რა ხდებოდა ამ დროს ვაგონში...ჩემს წინ მჯდომმა მამაჩემის ტოლა კაცმა ორჯერ გამოიღო ყურსასმენი ყურიდან. ეტყობა მუსიკა აღარ ესმოდა კარგად,ყური დაუგდო ბიჭებს, მერე ისევ განაგრძო მუსიკის მოსმენა. ასევე მოიქცა ახალგაზრდა მამაკაცი ტელეფონით. რამოდენიმეჯერ გახედა თინეიჯერებს მრისხანე სახით და განაგრძო მესიჯობა. ჩემს გვერდით ქალმა, რომლის სუნთქვასაც აგერ უკვე 5 გაჩერება ვაკვირდებოდი,რაღაც მითხრა ამ ბიჭების და ციგნის ბავშვის თაობაზე, მაგრამ ვაგონის გუგუნსა და პირბადეში ვერაფერი გავიგე, არც გამოვეხმაურე, მე ხომ "უჩინარი" ვარ პირბადეში....რაღაცეებმა გამიელვა თავში... ისედაც მთელი დღეა შეთქმულების თეორიებზე ვფიქრობდი კორონაზე. და აი, უცებ გამინათდა გონება, რამ გამოიწვია ეს ვირუსი? კორონა დიდი ხანია ჩვენში ბუდობს. ეს ჩვენი დაკარგული ადამიანობაა , ღვარძლი და შურია, კორონა ჩვენი საკუთარი ცხვირია, რომლის იქითაც ვეღარაფერს ვხედავთ... უცებ მახსენდება გოდერძი ჩოხელის ლექსი, "ჰოი, კუზიანო დედამიწავ ბრუნავ და გვაბრუნებ ყველას", დედამიწა კუზიანი კი აღარაა მხოლოდ, არამედ უკვე კორონიანია, ეს კორონა კი ჩვენ ვართ, საცოდავი, ადამიანობა დაკარგული ადამიანები, ნიღბებში შემალულები და უნიღბოდ დარჩენილები...კიდევ ერთი გაჩერება, კიდევ ერთი ციგნის ბავშვი. სანთლები მოგვაგდო და გაირბინა, ძირს დავარდნილო სანთელი ავიღე. უკან გამორბენაზე 20 თეთრი მივეცი. ვცდილობ გამოვისყიდო დანაშაული, წეღანდელ მის თანამოძმეს რომ არ გამოვექომაგე, რომ არ მივვარდი იმ თინეიჯერ ბიჭებს და არ შევახსენე რომ ყველანი ადამიანები ვართ. ზოგს რაღაც ცოტა მეტი აქვს, ზოგს ცოტა ნაკლები...მაგრამ ზოგმა საერთოდ არ იცის რა არის მთავარი "რაღაც" წუთისოფელში.... ბოლო გაჩერება...მეტროდან ამოვდივარ...სუნთქვა მიჭირს, ვცდილობ ნიღაბი მოვიხსნა. მერე მაგონდება, რომ 4 ნოემბერია, 20 ლარიანი ჯარიმაა ნიღბის მოხსნაზე...ხოდა, პირბადესა და საკუთარ სინდისში დამხრჩვალი მივაბიჯებ შინისაკენ... "ჰოი, კუზიანო დედამიწავ მე შენგან მოველი შველას".... ნ.ჩ.04/11/2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი