რა გჭირდებოდა


რა გჭირდებოდა ჩემი მძიმე ქვების გუდიდან
ერთ ყელსაბამსაც ვერ შეიბამდი
ჩემი სიცოცხლე იყო მხოლოდ ვარაუდი და
არც დავიბადე

მოჰყვები ჩემს ქვებს ჩემს ორმოებს სევდას მიხვეწავ
მოჰყვები ჩემი გვირაბების გაბმულ ექოებს
მე მეგობარიც ცხრა მთას იქით გადამეხვეწა
და შევეგუე

მოჰყვები ქვიშას და ეს ქვიშა ისე მისრუტავს
ამ ქვიშამ მთელ ჩემს მოგონებებს დედა უტირა
ყველა ოცნება შეუმჩნევლად რაც ამისრულდა
იქცა რუტინად

მოჰყვები ჩემს ძვლებს და გგონია გულსაც იჯერებ
ამ დამტვრეული ძვლების ხელყოფით
ჩვენს სიყვარულზე ყველას მივწერე
 შენ ვერ გეტყოდი

რა გჭირდებოდა ან რა მქონდა რას გთავაზობდი
ცხოვრება მეწყო სიგარეტის ჩამწვარ ღერებად
სულ არაფერი თუმცა მინდა მაინც გახსოვდეს
ჩემი შექმნილი უყველაფრო ბედნიერება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი